თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის შემთხვევების ზრდა სერიოზული სიგნალია, რომ რეკომენდაციებს თუ არ დავიცავთ, შესაძლოა, მესამე ტალღას ვერ ავცდეთ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. სწორედ ამიტომ, როგორც ცერცვაძე ამბობს, მესამე ტალღის რისკი რეალურია.
მისივე თქმით, პირბადეების გამოყენება ქვეყანაში 70 პროცენტიდან 40 პროცენტამდე შემცირდა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და აცრის პარალელურად, დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადე.
როგორც ცერცვაძე ამბობს, მესამე ტალღას შეზღუდვების განახლება მოჰყვება, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის დამაზიანებელი იქნება.
„ჩემში შეშფოთებას იწვევს პირბადეების ტარების თემა. სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება შემცირდა – 70 პროცენტიდან 40 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც ძალიან დაბალია და შედეგმაც არ დააყოვნა. შედეგი არის, რომ თუ მთელი ორი თვის განმავლობაში ვინარჩუნებდით ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ძალიან დაბალ მაჩვენებელს, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით, იმ ქვეყნებზე დაბალ მაჩვენებელს, რომელსაც ვაქცინაცია უკვე ოთხი თვის წინ ჰქონდათ დაწყებული, აი, ახლა აქ გაჩნდა ბზარი. აღარ ატარებენ პირბადეებს, არ იცავენ სოციალურ დისტანცირებას, აწყობენ შეკრებებს და შედეგად, ბოლო სამ დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა რჩება დაბალ ნიშნულზე. ეს არის ძალიან სერიოზული საგანგაშო სიგნალი, ეს ჯერ არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ მეტად სერიოზული სიგნალია, რომ თუ ჩვენ არ მოვეგებით გონს და არ დავიცავთ სიფრთხილის ზომებს, მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებები, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ევროპისა და მსოფლიოს გარეთ, მათგან დამოუკიდებლად, და თუ იქ მესამე ტალღა უკვე დაიწყო ან ზოგიერთ ქვეყანაში იწყება, ჩვენც, სამწუხაროდ, შესაძლოა, ვერ ავცდეთ მესამე ტალღას. ამას მოყვება ისევ შეზღუდვების განახლება, რომელიც როგორც იქნა, მოვხსენით და ადამიანები უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების წესს. შეზღუდვები კიდევ ერთხელ რომ დაიწყოს, ეს კატასტროფა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, ადამიანებისთვის. ეს ძალიან მტკივნეული იქნება, ამიტომ გავითვალისწინოთ, ეს ჩვენივე ინტერესებშია – პირბადის მასობრივი ტარება თქვენი კეთილდღეობის საწინდარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.