თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის შემთხვევების მატებას არ გამოუწვევია კატაკლიზმები კლინიკურ სექტორში, ტესტირება უტარდება ისევ ყველას, არც ერთი პაციენტი არ რჩება ექიმის გარეშე
კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას არ გამოუწვევია რაიმე კატაკლიზმები კლინიკურ სექტორში, ტესტირება უტარდება ისევ ყველას, არც ერთი პაციენტი არ რჩება ექიმის გარეშე, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
„ვისაც არ აქვს სიმპტომები, ტოვებენ ბინაზე; ვისაც მცირე სიმპტომები აქვს, საშუალედო რგოლი შემოიღო ჩვენმა ქვეყანამ, ე.წ. საკარანტინო სასტუმროები და ვისაც სჭირდება, მის ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ. ჩვენთან, ერთეული შემთხვებებით გაიზარდა მხოლოდ სიკვდილობა და საოცრად დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ“, აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, სიტუაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი იქნება კორონავირუსის ახალი შემთხვევა და რამდენი საწოლი დარჩება კლინიკებში.
„შემთხვევების რიცხვი მეტი თუ იქნება, მაშინ ბინაზე მეტი დარჩება. თუ შემთხვევების რიცხვი მცირე იქნება, მაშინ ბინაზეც შედარებით მცირე რაოდენობა დარჩება, მაგრამ ზოგადი პრინციპი იქნება შენარჩუნებული, რომ უსიმპტომოები ბინაზე იყვნენ. რამდენი პროცენტი იქნება, წინასწარ ამის თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში თვის ბოლომდე შემოვა ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“.