თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება, იქნება ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ არ გამოიწვევს განგაშს, ცხოვრების პარალიზებას
კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება, იქნება ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც არ გამოიწვევს განგაშს, ცხოვრების პარალიზებასა და საგანგებო ზომების აუცილებლობას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ივნისის დასაწყისში პანდემია დასრულდება, ცერცვაძე აცხადებს, რომ მათემატიკური მოდელირებით გაკეთებული დასკვნების არ სჯერა, თუმცა აცხადებს, რომ მათი მოლოდინი მათემატიკური მოდელით მიღებულ კვლევას დაემთხვა.
„სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტი ამბობს, რომ პანდემია 97%-ით ივნისში, 100%-ით კი ივლისში დასრულდება. გულწრფელად გეტყვით, მათემატიკური მოდელირებების, ამ მეთოდებით გაკეთებული დასკვნებისა და შეფასებების არ მჯერა, მაგრამ ჩვენი ექსპერტული გამოცდილებით, ზუსტად იმავეს ვფიქრობთ, ჩვენი მოლოდინი მათემატიკური მოდელით მიღებულ კვლევას დაემთხვა.
ეს ეპიდემია მთლიანად არ გაქრება. უნდა შევძლოთ, როცა ეპიდემიის პიკს მივაღწევთ, შემდეგ 2-3 კვირა პლატო იქნება და შემდეგ დაღმავალი გზით წავიყვანოთ. ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი მოსახლეობის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დონეს. ასეთ შემთხვევაში ეპიდემია დაღმავალი გზით წავა და მართვადი ეპიდემია დაგვრჩება. კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება. იქნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ იმ რაოდენობით, რომელიც არ გამოიწვევს განგაშს, ცხოვრების პარალიზებას და საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობას. კორონავირუსთან კოჰაბიტაცია მოგვიწევს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძის განცხადებით, რაც არ უნდა სკეპტიკოსი იყო და რაც არ უნდა ნეგატიურად იყო განწყობილი იმ შედეგების მიმართ, რასაც მიაღწია საქართველომ, ფაქტებს ვერავინ ვერ უარყოფს. მისივე თქმით, ყველაფერს შედეგები განსაზღვრავს.
„საქართველოში ავადმყოფების ყველაზე დაბალი რაოდენობაა ევროპაში, გარდაცვლილთა კიდევ უფრო დაბალი რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე. მგონი, ევროპაში საერთოდ ყველაზე დაბალია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს. ამ შედეგებს გვერდს ვერ აუვლის ვერც კეთილის მოსურნე და ვერც სკეპტიკოსი. ასეთი ინსინუაციები მოსახლეობაზეც და ექიმებზეც გულის დაწყვეტის გრძნობას იწვევს ყველაზე მეტად. შეძლება ამას უფრო რაიმე ცუდი გამოეწვია, ხელების ჩამოშვება ან ეპიდემიასთან თავგანწირული ბრძოლის ენთუზიაზმის განელება, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი არ შეიმჩნევა. შეიმჩნევა მხოლოდ გულის დაწყვეტა იმის შესახებ, რომ კეთდება ზოგჯერ არასწორი და არაობიექტური შეფასება. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ექიმების იმ ნაწილზე, ვინც ჩართულია საქმეში, ისინი ერთსულოვანი არიან, რომ ძალიან დიდი შემართებით გააგრძელონ ასეთი წარმატებული ბრძოლა“,- განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა იძულებული იქნება, მტკიცებულებების წინაშე აღიაროს, რომ ქვეყნის, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის პოლიტიკა არის წარმატებული.
„სკეპტიკოსები ამ ეტაპზე ცდილობენ, შექმნან რაღაც წარმოდგენა, რომ თითქოს რაღაც ისე არ კეთდება საქართველოში, როგორც უნდა კეთდებოდეს, მიუხედავად ასეთი აშკარა დადებითი შედეგის. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ისინი რეალური მტკიცებულებების წინაშე უძლური იქნებიან და თავის პოზიციას შეცვლიან და ისევ გამთლიანდება საქართველოში საზოგადოებრივი და ექიმების აზრი, როგორც ეს იყო მთლიანი ეპიდემიის პირველი ორი თვის მანძილზე.
ეპიდემიის პირველი თვენახევრის მანძილზე მთელი საზოგადოება, დამოუკიდებლად პოლიტიკური, რელიგიური, თუ სამედიცინო მიდგომებში განსხვავებისა, ერთიანი იყო. დღეს შეიმჩნევა რაღაც განსხვავება, მცირე დაპირისპირება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. ფაქტები იმდენად უტყუარია დადებული, რომ ადრე თუ გვიან ყველა იძულებული იქნება, ამ მტკიცებულებების წინაშე აღიაროს, რომ ქვეყნის, ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის პოლიტიკა არის წარმატებული და ისევ გაერთიანდება“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.