თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღემდე არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დადასტურებულ ეფექტს აჩვენებს.

როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა, ასეთი მედიკამენტი შესაძლოა, გახდეს „რემდესივირი“.

„ჩვენ ბუნებრივია, ვცდილობთ ვიყოთ ყველა სიახლის საქმის კურსში და გარკვეულწილად ამას ვახერხებთ. რა ვიცით ახალი? რამდენიმე რამ. ერთი ის, რომ დღემდე არ არსებობდა და არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც დიდ, რანდომულ კვლევებში დაადასტურებდა და უჩვენებდა ვირუსის საწინააღმდეგოდ დადასტურებულ ეფექტს. ასეთი მედიკამენტი არ არსებობს. შესაძლოა, პირველი ასეთი გახდეს „რემდესივირი“, მაგრამ ჯერ ვთქვათ, რომ მხოლოდ შესაძლოა.

მეორე ვიცით ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ასეთი საიმედოდ დადასტურებული სამკურნალო მედიკამენტი, არსებობდა რიგი მედიკამენტებისა, დაახლოებით 10-15. მათგან ზოგიერთი ძველი მედიკამენტია, რომელიც იხმარებოდა სხვადასხვა დაავადების დროს. ზოგი შედარებით ახალი მედიკამენტი, რომელთა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ისინი ვერ ჩაითვლებიან ამ კოვიდის მკურნალობის რადიკალურ საშუალებად, მაგრამ შეუძლიათ დაავადების მიმდინარეობა შეამსუბუქონ და შეამცირონ გარდაცვალების შემთხვევები. შესაბამისად, ვიდრე გამოჩნდება რადიკალურად ეფექტური მედიკამენტი, მანამდე უნდა იყოს გამოყენებული ავადმყოფების სამკურნალოდ. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ასეთ მედიკამენტებს ვიყენებთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი იმაზე მეტად სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან ეგონათ. ცერცვაძის ინფორმაციით, ეს არ არის უბრალოდ ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს.

„ეს დაავადება იმაზე უფრო სახიფათო და ვერაგი გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ეს არ არის უბრალოდ ბანალური ვირუსული პნევმონია, ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს ვრცელდება. ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს მთელი რიგი ორგანოთა სისტემის მხრივ. ვითარდება ფილტვების სერიოზული დაზიანება და თან შესაძლოა, სხვადასხვა ტიპით მიმდინარეობდეს ეს დაზიანება. ეს ურთულებს ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს პროცესის მართვას და მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, მაგალითად, იმისთვის, თუ რომელი პაციენტები უნდა იქნენ გადაყვანილნი მართვით სუნთქვაზე და რომელი არა. სხვა დაავადების დროს ეს მარტივად წყდება. აქ ეს რთული გადასაწყვეტია. რადგან დაავადების ფორმები და მიმდინარეობა სხვადასხვაა.

ამ ავადმყოფებს ხშირად უვითარდებათ დარღვევები სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ და ხშირია თრომბოემბოლიური გართულებები, რაც ასევე მოითხოვს შესაბამის მონიტორინგს და შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებასა და კორექციას. ესეც ადრე არ ვიცოდით, არავინ იცოდა და პროცესში ვლინდება. საქართველოში ასეთი გართულებების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ისევე როგორც მათი წარმატებული მართვის შემთხვევები. ტრომბოემბოლიური გართულებები როდესაც დაფიქსირდა, ეს პაციენტები არ იყვნენ მძიმე. ამ პაციენტებს ჰქონდათ საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა და ამ გართულების შემდეგ ისინი დამძიმდნენ. ის უჩვეულოდ მიმდინარეობს როგორც პნევმონია, რომელსაც ახასიათებს არატიპური მიმდინარეობა განსხვავებით სხვა ვირუსული პნევმონიებისგან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, დაავადებას თან ახლავს სისხლის შემდედებელი სისტემის საკმაოდ ხშირი ცვლილებები და ტრომბოემბოლიური გართულებები.

„ასევე, ძალიან ხშირია, უფრო ხშირი ვიდრე, მაგალითად, H1N1 გრიპის დროს ბაქტერიული ინფექციები და არამარტო ბაქტერიული პნევმონია, არამედ ხშირია სეფსისები. ძალიან ძნელი გასარკვევია დაავადების სიმძიმე და მიმდინარეობა გამოწვეულია ბაქტერიული გართულებით, თუ უშუალოდ ვირუსის მიერ და სხვა ვირუსული დაავადებების დროს ეს უფრო იოლი გასარკვევია. მთელი რიგი კლინიკური სიმპტომები და ლაბორატორიული მარკერები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. აქ გამოცდილმა ექიმმა უნდა აიღოს პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე უმკურნალოს ბაქტერიულ გართულებას თუ უშუალოდ ვირუსით გამოწვეულ პროცესს.

ძალიან ხშირად დაავადება მიდის ე.წ ციტოკინური შტორმის თანხლებით, ეს სპეციფიკური სამედიცინო ტერმინია. ნიშნავს, რომ ვირუსის გავლენის შედეგად ორგანიზმში გამოთავისუფლდება მთელი რიგი ციტოკინები, რომლებიც იწვევენ ძალიან მკვეთრ საპასუხო რეაქციას ორგანიზმის მხრიდან, ანთებით რეაქციას, რომელიც ყველაზე ხშირი მიზეზია ამ ავადმყოფების დამძიმებისა და ხშირად სიკვდილისაც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ციტოკინური შტორმის მართვა, მაგალითად, ამისთვის არსებობს ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მედიკამენტი „ტოცილიზუბაბი“, რომელიც ძალიან მძიმე ავადმყოფში ჩვენთან იქნა წარმატებით გამოყენებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.