თენგიზ ცერცვაძე - კოჯორში ჩემი ყოფნა ნამდვილად იყო „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, თუმცა პარტიის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა მოგწონს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მისი თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.
ცერცვაძის განმარტებით, საუბარია დაწესებულებაზე, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლითა და ეკონომიკური ზარალით, დაწესებულებაზე, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებლი ცე ჰეპატიტის უნიკალური პროგრამის და არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.
„მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით. რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებლი ცე ჰეპატიტის უნიკალური პროგრამის, რომელმაც განკურნა 70 000 ავადმყოფი და გადაარჩინა 25 000 ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.
ყველაზე მეტი – 300-მდე ავადმყოფი ჰყავს გატარებული, მხოლოდ ერთი გარდაცვლილი, ყველაზე მეტი განკურნებული და არც ერთი ინფიცირებული მედპერსონალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დაწესებულება მიყვანილია განადგურების პირას, ამ სიტყვის პირდაპირი, სრული მნიშვნელობით. ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება ჯანადაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მიმართ კრიტიკულ განცხადებას, ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკით სერგეენკოს მიმართავდა მთელი შვიდი წლის განმავლობაში და მას შემდეგაც.
„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიული მოთხოვნებიც არის. პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, თუ არ იქნა განხორციელებული გადაუდებელი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ცერცვაძემ, რომელიც დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით, მეტ დეტალზე არ საუბრობს.
„თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის. ამ ეტაპზე არ მიმაჩნია საჭიროდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
კითხვაზე, მხოლოდ სერგეენკოს ბრალია თუ არა, რომ ინფექციური საავადმყოფო შენობის მხრივ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ცერცვაძე პასუხობს: „მე არ ვიცი, კიდევ ვისი ბრალია. მე ვიცი, რომ ეს არის ბატონი სერგეენკოს და გარკვეულწილად „ავერსი ფარმას“ ბრალი. არ ვიცი, კიდევ ვის შეიძლება, დაბრალდეს. ამათ ხელში იყო დაწესებულების ბედი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძემ განმარტა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, რომ არსებულ ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდეს.
რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის დასწრებას კოჯორში, „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ კოჯორში მისი ყოფნა ნამდვილად იყო „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა მოსწონს.
„ჩემი იქ ყოფნა ნამდვილად იყო ჩემი მხარდაჭერის გამოხატულება „ქართული ოცნების“ მიმართ. „ქართული ოცნება“ უზარმაზარი ორგანიზაციაა, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებიც უამრავია, პროპორციულის კანდიდატებიც უამრავია და რომელიმე ხელისუფლების, პარტიის ან ორგანიზაციის მხარდაჭერა სულ არ ნიშნავს იმას, რომ შენ მხარს უჭერ და მოგწონს მისი უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.