თენგიზ ცერცვაძე - ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, პირიქით რომ მოვქცეულიყავით და „რემდესივირის“ შემოტანაზე უარი გვეთქვა
ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, პირიქით რომ მოვქცეულიყავით და „რემდესივირის“ შემოტანაზე უარი გვეთქვა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ის „ფეისბუქში“ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 18 დეკემბერს გამოაქვეყნა პოსტი რემდესივირზე. არ მგონია, რომ „მისი მრევლის“ გარდა ვინმემ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდა ამ პოსტით ქ-ნ მაიას. რემდესივირი ჩვენს ძველ გაიდლაინშიც იყო შეტანილი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გავაკეთეთ ახალი პროტოკოლი, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად და არგუმენტირებულადაა განმარტებული ყველაფერი. ეს პროტოკოლი მე წარვადგინე კლინიკების წინაშე, როგორც ონლაინ კონფერენციაზე, ისე პირად შეხვედრებში და ვფიქრობ ჩვენს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი შეკითხვები არ დარჩენიათ. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენ რომ პირიქით მოვქცეულიყავით და ამ მედიკამენტის შემოტანაზე უარი გვეთქვა – ყველაზე ხშირი ბრალდებები იქნებოდა ის, რომ COVID-19-ით პაციენტებს მთელ მსოფლიოში აქვთ შესაძლებლობა იმკურნალონ რემდესივირით და ქართველ პაციენტებს კი ჩვენ ეს შესაძლებლობა წავართვით და სასიკვდილოდ გავწირეთ.
რაც შეეხება ქ-ნ მაიას უკმაყოფილებას ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილებით და ნაბიჯით, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფრით დავეხმარებით. ჩვენ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან ვცდილობდით და ვცდილობთ მოგვეხდინა ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია, როგორც სტანდარტული თერაპიის სრულყოფის, ისე ახალი ინოვაციური მიდგომების თვალსაზრისით, რათა რაც შეიძლება მეტი ავადმყოფი გადაგვერჩინა და ჩვენ ამ სტრატეგიას ვერ შევცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რამოდენიმე ადამიანს არ მოსწონს და აღიზიანებს.
მე მაქვს მხოლოდ ერთადერთი კითხვა ბ-ნ ვახტანგ კალოაიანთან, რომელმაც ქ-ნ მაიას პოსტზე გააკეთა კომენტარი, სიტყვა-სიტყვით „თქვენც არ გინდათ სხვისი (შარლატანების) აშენებული საქართველო“ (რასაც ქ-ნი მაია ეთანხმება). ბატონო ვახტანგ! უმორჩილესად გთხოვთ, გვიპასუხოთ – ვის გულისხმობდით „შარლატანებში“, ჩვენ, თუ ვინმე სხვას? დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ პირდაპირ გვიპასუხებთ. სხვებს გთხოვთ, ნუ გამომეხმაურებით“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.