თენგიზ ცერცვაძე - ჯონ მარტინი იყო საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის სულისჩამდგმელი, მისმა შექმნილმა მედიკამენტებმა ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით ინფიცირებულს
ჯონ მარტინს ძალიან უყვარდა საქართველო, არაერთგზის სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა მის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილიადის“ პრეზიდენტ ჯონ მარტინის გარდაცვალება დიდი დანაკარგია მსოფლიოსა და საქართველოსთვის.
„69 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯონ მარტინი, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, ლიდერი და უბრალოდ დიდი პიროვნება, საქართველოს დიდი მეგობარი.
ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუდგა სათავეში ფარმაცევტულ კომპანია Gilead-ს და მოკლე დროში გადააქცია იგი მსოფლიო გიგანტად, უპირობო ლიდერად აივ/შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. სწორედ ჯონ მარტინის დამსახურებაა, რომ აივ/შიდსი სასიკვდილო დაავადებიდან გადაიქცა ქრონიკულ მართვად ინფექციად, ხოლო ცე ჰეპატიტი ახლო მომავალში ელიმინირებული იქნება მსოფლიოში და დიდად საამაყოა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, საქართველო იქნება. ჯონ მარტინი იყო საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის სულისჩამდგმელი და დიდია მისი დამსახურება იმაში, რომ სწორედ საქართველო იქნა არჩეული ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად.
ჯონ მარტინის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო მედიცინის ისტორიაში და საბოლოოდ დაიდებს ბინას ქართველთა გულებში, რამეთუ მარტო ჩვენს ქვეყანაში მისმა შექმნილმა მედიკამენტებმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით აივ/შიდსით და 70 000-ზე მეტ ცე ჰეპატიტით ავადმყოფს. ჯონ მარტინს ძალიან უყვარდა საქართველო, არაერთგზის სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა მის მხარდასაჭერად. მას დიდი გეგმები ჰქონდა, რომელთა ბოლომდე შესრულება, სამწუხაროდ ვერ მოასწრო. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.
ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილიადის“ პრეზიდენტი ჯონ მარტინი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.