თენგიზ ცერცვაძე - ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, ისევ მაწუხებს თავის, ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, ვცდილობ, ვიყო მხნედ
თენგიზ ცერცვაძე - ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, ისევ მაწუხებს თავის, ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, ვცდილობ, ვიყო მხნედ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლში აგრძელებს. როგორც ცერცვაძე აცხადებს, აქვს თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე.

ცერცვაძის განმარტებით, მისი მეუღლე, ანა თოფურია, რომელიც ასევე კორონავირუსითაა ინფიცირებული, თავს უკეთ გრძნობს.

„ცოტა მეუხერხულება, ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ. ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცერცვაძის პოსტი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელდა.