თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესია
თუ შევადარებთ, რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით, მაშინ კი არ ვუსწრებთ, პირიქით ჩამოვრჩებით. ეს ის შემთხვევაა, როცა კარგია, რომ ჩამოვრჩებით, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესია.
„თქვენ ხედავთ, რა ხდება იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. ჩვენზე სულ ორჯერ დიდ შვეიცარიაში უკვე სამასი შემთხვევაა და ჩვენთან – 23. ასე რომ, ჩვენ გვინდოდა, ეს 23-იც არ გვქონოდა, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ გარემოში, ევროპის ნაწილი ვართ და ევროპაში ასე ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ საქართველოში მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესია, უარესი არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.