თენგიზ ცერცვაძე - ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია, სასწრაფომ ორი საათი რომ დაიგვიანა, ამისთვის მინისტრზე ორკესტრირებული შეტევა როგორ შეიძლება
იცით, რამხელა საქმეს უმკლავდება ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, რომლის მიმართაც მთავარი ვექტორი იყო მიმართული? – განაცხადა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.
„გარდა იმისა, რომ მთლიანად ამ კოვიდის სიტუაციას წარმატებით მართავს, მას ჯანდაცვაში ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დახვდა. სისტემური ცვლილებებია გასაკეთებელი არა კოვიდში, არამედ სხვა დარგებში. იგივე, ვთქვათ, გადაუდებელ დახმარებაში, კარდიოქირურგიაში, ნეიროქირურგიაში, სხვაგან და ეს ახალგაზრდა ქალბატონი რამდენ ფრონტზე იბრძვის და უკვე რამდენს მიაღწია.
წინა მინისტრების დროს არ მახსოვს, რომ ასე მოკლე დროში ამდენი რამე გაკეთებულიყო და კარგი, რა! იმიტომ, რომ სასწრაფომ ორი საათი დაიგვიანა, ან იმიტომ, რომ ვიღაცის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, რაც მთელ მსოფლიოში ასეა და ბევრად ფართო მასშტაბით, ამისთვის მინისტრზე ასეთი ორკესტრირებული შეტევა როგორ შეიძლება?!“ – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კიდევ უკეთესად მუშაობს მთავრობა.
„მე პირადად, მოხიბლული ვიყავი მთელი ამ პანდემიის მანძილზე პრემიერის და უშუალოდ მისი გუნდის მუშაობით. ვხედავდი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ამ კოვიდის შტაბი როგორ დონეზე ახდენდა კრიზისის მენეჯმენტს და სწორედ ეს იწვევს იმ კატეგორიის ხალხის უკმაყოფილებას, რომელსაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა. აი, ეს არის ორკესტრირებული შეტევის მთავარი და ერთადერთი მიზეზი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.