თენგიზ ცერცვაძე - 15 მარტი ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
თენგიზ ცერცვაძე - 15 მარტი ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, იმ პირობებში, როდესაც მოსალოდნელია ინფექციის მესამე ტალღა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ აცრა გაიკეთოს.

ცერცვაძის თქმით, „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში აღიარებული ვაქცინაა, რაც არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატით დასტურდება.

„დღეს დაფიქსირდა დაბალი ციფრები – როგორც ავადობის, ასევე გარდაცვალების. ასეთი დაბალი რიცხვები არ ყოფილა გაზაფხულ-ზაფხულის შემდეგ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქვეყანაში თუ არ დაიწყება ფართო ვაქცინაცია, მაქსიმუმი იქნება, რომ ისე შევინარჩუნოთ მდგომარეობა, როგორც დღეს გვაქვს. ამიტომ, ეს დღე იყო ისტორიული. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა დავძლიოთ პანდემია. ორი დღის წინ შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ეს არის სამი ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატები და აღიარება აქვს მიღებული. საქართველოსთვის ეს დიდი საქმეა. საქართველო არის მეოთხე ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ეს ვაქცინა. მყარი გარანტიებია მიღებული, რომ არანაირი წყვეტა არ იქნება და შემოტანა გაგრძელდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.