თენგიზ ცერცვაძე - იქ, საიდანაც სიგნალი მოვიდა, რომ შესაძლოა, დაწყებულიყო „კოვიდის“ უკონტროლო გავრცელება, მაშინვე მოხდა მასობრივი ტესტირება
ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ კოჰაბიტაცია, თანაცხოვრება ამ ვირუსთან. უნდა შევეგუოთ, რომ „კოვიდის“ ცალკეული და შეიძლება, ათეული შემთხვევაც იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამან არ უნდა გამოიწვიოს დაძაბულობა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
კითხვაზე, მოსალოდნელი პიკისა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფონზე, შესაძლებელია თუ არა, ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყოს და ამასთან შეიძლება თუ არა ე.წ. აგრესიული ტესტირებით ბრძოლა, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მასობრივი ტესტირება ამ ვითარებაში იქნება სასარგებლო, თუმცა საზოგადოებას მოუწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაციის სწავლა.
„საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებების, შეზღუდვებისა და კარანტინის შემსუბუქება გარდაუვალია, რადგან ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს ამ პირობებში. ელემენტარულად ადამიანებს უჭირთ უკვე და რაც მთავარია, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ეკონომიკური რეცესიიდან. ამ პირობებში ინფიცირების შემთხვევებისრისკი იზრდება და, რა თქმა უნდა, მასობრივი ტესტირება იქნება სასარგებლო, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ კოჰაბიტაცია, თანაცხოვრება ამ ვირუსთან. წარმოვიდგინოთ ტუბერკულოზი. ტუბერკულოზი ხომ არსებობს, დღემდე საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, დაახლოებით ათასამდე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არის ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში ან სამეგობროში. ეს არ ხდება რაღაც ასეთი განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როცა საქართველო მოახერხებს, პანდემია დაიძლიოს, ეპიდემია წავიდეს დაღმავალი გზით, ჩვენ შეიძლება, მოვიქცეთ ამ ინფექციის მიმართ დაახლოებით ისე, როგორც ვიქცევით ტუბერკულოზის, თუნდაც გრიპის მიმართ სეზონზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, მართალია, ქვეყანაში ვერ ტარდება მასობრივი ტესტირება, მაგრამ იქ, საიდანაც სიგნალი მოვიდა, რომ შესაძლოა, დაწყებულიყო უკონტროლო გავრცელება, მაშინვე მოხდა მასობრივი ტესტირება.
„იმას, რომ აქამდე საქართველოში არ კეთდებოდა ან ვერ კეთდებოდა მასობრივი ტესტირება, რასაც ხსნიან იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო და გაძნელდა მათი შემოტანა. როგორც ამბობენ, ტესტები საკმარისია , რომ ტესტირება უკეთდებოდათ იმ პირებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მხედველობაში მყავს პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები ან რისკის ფაქტორები, მაგალითად, კონტაქტი პაციენტთან, ინფიცირებულთან, უცხოელთან ან სხვა და ამას გვიჩვენებს იმავე ბოლნისის, მარნეულის, ლენტეხის, ქობულეთის მაგალითები. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მდგომარეობაა. მთელი მსოფლიო აღიარებს – ეს მაინც განპირობებულია იმით, რომ შეზღუდული რესურსი, თუნდაც ტესტების მცირე რაოდენობა, გამოიყენებოდა მაქსიმალური სარგებლით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.