თენგიზ ცერცვაძე - ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში სიტუაციის თაობაზე, არის სრული სიცრუე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში სიტუაციისა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, არის სრული სიცრუე.
ამის შესახებ ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ ცერცვაძის მორიგ განცხადებაში.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან „თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობაა“ იმ წერილის გავრცელება, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე.
„სიმართლე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ: ა.წ. 21 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მასმედიაში გაავრცელა განცხადება და წერილი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ა.წ. თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე, რომელიც თითქოს არ გამოვიყენეთ და შესაბამისად, ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება?! და არა ჯანდაცვის სამინისტროს?!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ხომ ჩავატარებდით.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მასმედიისთვის გადაცემულ ა.წ. 12 თებერვლის N01/1721 წერილს, ის სამინისტრომ გაუგზავნა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და არა ჩვენს ცენტრს და ის იყო პასუხი არა ჩვენი ცენტრის, არამედ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N15/66189 წერილზე. ეს მიმოწერა ჩვენთვის ცნობილიც კი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ის დივიდენდის გამოყენების ნებართვად ვერაფრით ვერ გამოდგებოდა, რადგან ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუძლიათ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე.
არადა ჯანდაცვის სამინისტროს სულ იოლად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან ბოლოს და ბოლოს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, პროგრამიდან „გაუფრთხილებლად“ გასვლის გამო ცენტრის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის.
მე მინდა მივმართო აგრეთვე ბ-ნ დიმიტრი ხუნდაძეს, თავი შეიკავოს ჩვენს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საყვედურებისაგან და თუ ძალიან უნდა თავისი კრიტიკა და საყვედურები მიმართოს მათკენ, ვინც რეალურად არის პასუხისმგებელი შექმნილ სიტუაციაზე“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.