თენგიზ ცერცვაძე - ინფიცირებულთა 80 პროცენტში კორონავირუსი საშუალო სიმძიმით, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს
ინფიცირებული ადამიანების 80 პროცენტში კორონავირუსი საშუალო სიმძიმით, მსუბუქად და უსიმპტომოდაც კი მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორივე პაციენტს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ.
„სინამდვილეში, ის მხოლოდ ერთ მეხუთედ შემთხვევებში მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო ოთხ მეხუთედ შემთხვევაში, 80%-ში, ის მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით, მსუბუქად და უსიმპტომოდაც კი. ამის მაგალითია ის, რომ ორი პაციენტი, რომელთაც დაუდასტურდა კორონავირუსით ინფექცია, ორივე დადასტურების მომენტში იყო უსიმპტომოდ. რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, ისინი აქ არ მოეყვანათ და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ემსჯელათ, არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მძიმე, მწვავე რესპირაციის სინდრომები. ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და დიდი ალბათობით გაავრცელებდნენ ინფექციას. სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს ინფექციის გავრცელებისათვის. ვინც სიმპტომურია, ვინც მძიმე ავადმყოფია, ის ძალაუნებურად იზოლირებულია, წევს ან სახლში, ან საავადმყოფოში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, იტალიაში ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
„ახალი პაციენტი გახლავთ ახალგაზრდა ქალი, 31 წლის, რომელიც ქართულ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, რამდენადაც ვიცი, იმ ქალაქებში, სადაც არ არის ეპიდემიის მაღალი რისკი, სადაც არ არის ბევრი ინფიცირებული. როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი უკვე სახიფათო ხდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ქალის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ამჟამად, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 34 პაციენტი იმყოფება.
„რამდენადაც ვიცით, მათი ნაწილი გამოკვლეულია და არის პასუხები; ორია მხოლოდ ინფიცირებული და დანარჩენი ელოდება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას. ისინი ჩვენს კლინიკაში არ დარჩებიან. 16 პაციენტს აღებული აქვს მასალა გამოსაკვლევად და დღის ბოლოს ველოდებით 16 პაციენტის პასუხებს. რაც შეეხება ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ჩვენი ინფორმაციით, ექვს-შვიდ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჯერ მათი მოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. დღევანდელ ბრიფინგზე კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაადასტურა.