თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება
თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება

ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„შენობა რომ მოთავდება, გადავალთ. ეს იდეალური შენობა იქნება, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი და შენობით, ყველაზე კარგი ჰოსპიტალი თბილისში. ასეთი შენობა არც ერთ ჰოსპიტალს არ ექნება. იმიტომ, რომ ეს შესანიშნავი ჰოსპიტლები აღჭურვილობით ევროპის დონეზე მყოფია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაკეთებულია; იყო რაღაც ნაგებობა და მერე მიაშენ-მოაშენეს, დააშენეს და გააკეთეს, ეს კი ახალი პროექტია, თავიდან აშენებული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დაადასტურებს თუ არ ინფორმაციას, რომ იმ პერიოდში, როდესაც მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მასსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის უთანხმოება იყო, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მათ შორის უთანხმოება ნამდვილად იყო.

„მე დავწერე კიდევ ფეისბუკზე და ბევრი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა. თავიდან ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მე, ამირანს და პაატას, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ და მათ ღონისძიებებს ვესწრებით. ვერ გავიგე, თუკი იურისტი ესწრება, სპორტსმენი, ხელოვანი და სხვა, ექიმს რატომ არ შეუძლია დასწრება?! აბსოლუტურად გაუგებარია, აუცილებლად ექიმი რატომ უნდა იყოს აპოლიტიკური და ვთქვათ, სპორტსმენი, ხელოვანი, იურისტი და მშენებელი პოლიტიკური?! მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან; არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა დაპირისპირების მიზეზი ინფექციური საავადმყოფოს შენობა, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ძირითადად, შენობის საკითხზე იყო დაპირისპირება, სხვა კი წვრილმანი იყო.

„ძირითადად, შენობის საკითხზე იყო დაპირისპირება, რომ ასეთი მნიშვნელობის დაწესებულებას, რომელმაც ქვეყანას შიდსის ეპიდემია ააცილა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური და ისტორიული პროგრამის ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი იყო და, რომელიც კოვიდის ეპიდემიის გაჩენის დღიდან ინფექციასთან ბრძოლის ფლაგმანი გახდა, არ ჰქონდა შენობა და ვმუშაობდით არა ცუდ, არამედ ღირსების შემლახავ პირობებში. ადმინისტრაციულ შენობაში დღესაც წყალი ჩამოდის“, – განაცხადა ცერცვაძემ.