თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის შენობაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის შენობაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შენობაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორ თენგიზ ცერცვაძე წერს, 2009 წელს შპს „ავერსი-ფარმამ“, წინა ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებით და ე.წ. რეიდერული მეთოდების გამოყენებით, შემდგომში მოსამართლეებთან გარიგების შედეგად, „ჩალის ფასად“ მიითვისა ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რის გამოც წლების მანძილზე თანამშრომლებს საქმიანობა უხდებათ უკიდურესად მძიმე პირობებში.

„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ქვეყანაში დღემდე ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს და გარდა ამისა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ინიციატორი და ძირითადი განმახორციელებელია. ცენტრმა ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და ეკონომიკური ზარალით. ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანა აგრეთვე ქვეყანაში COVID პანდემიის დამარცხებასა და ლეტალური გამოსავლების მინიმიზაციაში.

2009 წელს შპს „ავერსი-ფარმამ“, წინა ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებით და ე.წ. რეიდერული მეთოდების გამოყენებით, ხოლო შემდგომში მოსამართლეებთან გარიგების შედეგად, „ჩალის ფასად“ მიითვისა ჩვენი ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, რის გამოც წლების მანძილზე საქმიანობა გვიხდება უკიდურესად მძიმე, კაბალურ და თან პერსონალისა და ავადმყოფების ღირსების შემლახველ და შეურაცხმყოფელ პირობებში – ასე ვთქვათ, „ჯაყოს ხიზნების“ როლში. ჩვენ რამდენიმეჯერ წამოვიწყეთ შპს „ავერსი-ფარმასთან“ სამართლებრივი დავა, რომლის დროსაც „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობა იძლეოდა სხვადასხვა დაპირებას (რომ დაგვიბრუნებდა ტერიტორიის ნაწილს, სადაც შევძლებდით ახალი შენობის აშენებას და სხვ.), მაგრამ, როგორც წესი, გვატყუებდა და ამ დაპირებებს არ ასრულებდა. ხოლო 2019 წელს „ავერსი-ფარმას“ ხელმძღვანელობამ, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გარიგების გზით, გამოატანინა ანეკდოტური განჩინება, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან სახელმწიფომ ჩვენი ცენტრი უკვე დააკმაყოფილა (?!) სათანადო მიწის ნაკვეთით და შენობა-ნაგებობით (?!). შპს „ავერსი-ფარმას“ ადმინისტრაცია იქამდეც მივიდა, რომ გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს და მათი ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახდეს.

ჩვენ იძულებული ვიყავით, დროებითი გადახურვა გაგვეკეთებინა, მაგრამ ის ვერ უძლებს ძლიერ წვიმებს, რის გამოც ადმინისტრაციული შენობის ცალკეულ ოთახებში არაერთგზის ჩამოინგრა ჭერი, ჩამოვიდა დიდი რაოდენობით წყალი, გაფუჭდა ინვენტარი, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და საფრთხე შეექმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. უკანასკნელად ასეთი ფაქტი მოხდა ა.წ. 4 ივლისს, როდესაც ძლიერი წვიმის დროს ჩამოვიდა არა მარტო დიდი რაოდენობით წვიმის წყალი, არამედ ჩამოინგრა კონსტრუქციებიც, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ხოლო თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.