თენგიზ ცერცვაძე - ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან რთული გასაკეთებელია, რადგან კოვიდი ყველაზე არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რაც ჩემი ხანგრძლივი სამედიცინო კარიერის მანძილზე მინახავს
ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან რთული გასაკეთებელია, რადგან კოვიდი ყველაზე არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რაც ჩემი ხანგრძლივი სამედიცინო კარიერის მანძილზე მინახავს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ სულ გვსაყვედურობენ, რომ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები სუსტად იყო გაწერილი. დაახლოებით, ერთი თვეა, ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ზუსტად ვერ გავწერეთ, რადგან კოვიდი ყველაზე არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რაც ჩემი ხანგრძლივი სამედიცინო კარიერის მანძილზე მინახავს და შენ რომ დღევანდელი ცოდნის გადასახედიდან კრიტერიუმებს სწორად გაწერ, ის იქ არ გამართლდება. ანუ, თუ ექიმმა ზუსტად ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, ვიღაცის ჰოსპიტალიზაციას მოახდენს და ვიღაცას სახლში დატოვებს, მაგრამ ის სახლში დატოვებული შეიძლება, დამძიმდეს და მოკვდეს, მერე კი პასუხისმგებლობა ექიმზეა. მინდა, გითხრათ, რომ კრიტერიუმები ვერ მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კრიტერიუმები არ უნდა გავაკეთოთ. მუშაობა უკვე დავასრულეთ ამაზე, რამდენიმე დღეში აიტვირთება და იმედი მაქვს, შენიშვნები იქნება, მაგრამ დამიჯერეთ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან რთული გასაკეთებელია, რადგან დიდი ალბათობაა, ამ კრიტერიუმებით სარგებლობით ზოგ შემთხვევაში ზიანი მეტი მივიღოთ, ვიდრე ბენეფიტი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ზოგჯერ, მოსახლეობა სამართლიანად გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბინაზე მყოფი პაციენტი მძიმედაა და მას სასწრაფო არ აკითხავს, მაგრამ საბოლოო ჯამში, პროცენტულად, ასეთი შემთხვევების რაოდენობა მაინც მცირეა.
„ეს უბრალოდ, ჩანს, თორემ პროცენტულად, მათი დიდი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია ხერხდება, ვისაც ეს სჭირდება. ეს რომ არ იყოს და ბინაზე ბევრი მძიმე პაციენტი რჩებოდეს, მაშინ ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი 33 კაცი კი არ იქნება, არამედ ასეულები და ათასები, როგორც ევროპის ყველა ქვეყანაშია. ინგლისში, ოფიციალური მონაცემებით, ჰოსპიტალს გარეთ 6 600 ადამიანია გარდაცვლილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა სიკვდილიანობის არსებული მაჩვენებელი განპირობებული ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობით, რადგან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს ადამიანები დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო გარდაიცვალნენ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების საერთო პროცენტი კლინიკური მართვის, მკურნალობის ხარისხის პირდაპირი და ერთადერთი მაჩვენებელია, საქართველო კი ამ მხრივ, ევროპაში 47-ე ადგილზეა.
„ბინაზე გარდაცვლილების რაოდენობა საერთოდ მიზერულია და მაშინ მითხარით, სად გამოვლინდა, რომელ სექტორში?! შესაძლოა, პაციენტების გარდაცვალება მოხდა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შედეგად, მაგრამ როდესაც პროცენტს ითვლიან, ეს არ ჩანს და ჩვენთან მაინც დაბალი პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში დაგვიანების შემთხვევები კიდევ უფრო მეტია. რა თქმა უნდა, ცუდია ერთი დაგვიანებული შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი ადამიანი. ირიბად, მე მისაყვედურა რამდენიმე ადამიანმა, ვისი ოჯახის წევრიც გარდაიცვალა და მათ შორის, ჩემი ახლობლები და მეგობრები, სტატისტიკით ნუ გველაპარაკები, მე ერთი ადამიანი მომიკვდა ოჯახში და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში გარდაცვალება სტატისტიკურად ნაკლებია თუ მეტიო. იმ ერთი ადამიანის მესმის. ის მართალია, მე ბოდიშს ვიხდი და მწუხარებას გამოვთქვამ, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ქვეყნისთვის არ აქვს მნიშვნელობა, 0,97% გარდაიცვლება, როგორც ახლა გვყავს, თუ 5 და 10%, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ცხრა პროცენტს „კოვიდ 19“ გადატანილი აქვს.
„ჩვენ გვქონდა ზუსტად ასეთი კვლევა გაზაფხულზე და მაშინ 0,9% იყო, ახლა კი 9%-ია. შემხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვლიეთ თბილისის ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტური ანტისხეულები კოვიდის მიმართ. დადგინდა, რომ 9%-ზე ოდნავ მეტია ინფექცია გადატანილი. გეტყვით ასევე იმას, რომ მოსახლეობის 10%-ის ინფიცირება ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.