თენგიზ ცერცვაძე - გორის ჰოსპიტალში შექმნილია კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფი, რაც ძალიან სერიოზული ინოვაციაა
თენგიზ ცერცვაძე - გორის ჰოსპიტალში შექმნილია კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფი, რაც ძალიან სერიოზული ინოვაციაა

გორის ჰოსპიტალში შექმნილია კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფი, რაც ძალიან სერიოზული ინოვაციაა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, დღეისთვის გორის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია ოთხი პაციენტი და კლინიკაში მენეჯმენტი არის უმაღლეს დონეზე.

„გორის ჰოსპიტალში ბევრი ინოვაციაა. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე. ინოვაციური მიდგომა, რომელიც პირველად ვნახე საქართველოში. სინამდვილეში, ჩვენს კლინიკაშიც არ გვაქვს ეს. როგორც კი ჩავალ თბილისში, გამოვალ ინიციატივით, რომ „კოვიდის“ ყველა კლინიკამ ეს გააკეთოს. ამ ჰოსპიტალში ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, რომელიც კურირებს თერაპიულ მიმართულებას, შექმნილია კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი, ანუ „კოვიდის“ თანმხლები დაავადებების. ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა და რატომ? ყველამ იცით, ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ „კოვიდის“ დროს, სიკვდილიანობის შემთხვევა ძალიან მაღალია ხანდაზმულ ადამიანებს შორის. ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, არის ძალიან ბევრი თანმხლები დაავადების შემთხვევები. მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკმლის დაავადებები, რომელიც შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ხდება სიკვდილის მიზეზი. უშაულოდ „კოვიდი“ არ კლავს, ანუ თანმხლები დაავადებები კლავს „კოვიდით“ ავადმყოფებს. შევეცდები, რომ ეს ინიციატივა წარმატებული იყოს. ეს იქნება ახალი სიტყვა და წინგადადგმული ნაბიჯი ამ დაავადების მკურნალობაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.