თენგიზ ცერცვაძე - გასაკვირი ის უფრო იყო, რატომ არ იყო ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები, ბავშვებშიც რომ გამოჩნდა, ეს კანონზომიერია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება კანონზომიერი მოვლენაა, რადგან რესპირაციული ინფექციებით ყოველთვის ავადდებიან მცირეწლოვნებიც.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნებიდანაც მოდის მონაცემები, რომ კორონავირუსით, მოზრდილებთან ერთად, ავადდებიან ბავშვებიც და ამაში გასაკვირი არაფერია.
„თუ არ ვცდები, ბავშვების ინფიცირების უკვე 10 შემთხვევაა ჩვენთან, რაც ყველა შემთხვევის დაახლოებით 12 პროცენტია. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს ინფექცია ბავშვებს საერთოდ არ აზიანებს, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთეულებს აზიანებს, შემდეგ, რომ არც მთლად ერთეულებს და უფრო მეტს. ახლა, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებიდანაც მოდის უკვე ინფორმაცია, რომ ბავშვები იქაც ავადდებიან. ჩვენ ვსწავლობთ ამას, თუ რატომ არის ბავშვებში შედარებით მეტი შემთხვევა, ვიდრე მოველოდით. თუმცა, თავიდან ეს უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ის, რომ ბავშვებში არ ვრცელდებოდა ეს ინფექცია, რადგან საერთოდ, ყველა რესპირაციული ინფექცია და მათ შორის ყველაზე ცნობილი, გრიპი ბავშვებსა და მოზრდილებს ერთნაირად აზიანებს და ბავშვებს უფრო მეტად. გასაკვირი უფრო ის იყო, რატომ არ იყო. ახლა რომ ბავშვებშიც გამოჩნდა ეს ინფექცია, მიმაჩნია, რომ ეს უფრო კანონზომიერია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ინფექცია ორსულ ქალს რომ დაუდასტურდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია და ქალი მშობიარობამდე შეძლებს ვირუსისგან განკურნებას.
„ორსული ქალი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ კონტაქტშია საზოგადოებასთან, მათ შორის, სავარაუდოდ ინფიცირებულებთან და ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ორსულთან დადასტურება რაიმე განსაკუთრებული არ არის, მით უმეტეს, ჯერჯერობით ითვლება, რომ ეს ინფექცია მუცლად ყოფნის პერიოდში არ გადაეცემა. ასე რომ, ეს ქალბატონი მანამდე განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.