თენგიზ ცერცვაძე - გარდაბნის კლასტერის გამო, მუნიციპალიტეტის დაკეტვის საფუძველი ჯერ არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგებსა და მთავრობას ხელი პულსზე უდევთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ გარდაბნის კლასტერის გამო, მთელი მუნიციპალიტეტი დაიკეტოს.
თუმცა, ცერცვაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა რადიკალურ ზომებს მიიღებს.
„გარდაბანში არის რისკი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სამსახური ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით და ჩვენი მთავრობა გახარიას ხელმძღვანელობით უკვე მეხუთე თვეა, ამ რისკებს აფასებს ადეკვატურად, ყველა რისკს ეძლევა ადეკვატური პასუხი, რეაგირება პროპორციული ძალით, არც მეტი და არც ნაკლები. გარდაბნის კლასტერთან დაკავშირებით იგნორირება არ შეიძლება, შეიძლება, იქიდან ინფექცია ძალიან გავრცელდეს.
მეორე მხრივ, გარდაბნის კლასტერის გამო რომ გადაჭარბებული რეაგირება მოხდეს და დაიკეტოს მთელი გარდაბანი, ამის საფუძველი ჯერ არ არის. მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევთ პულსზე, დღევანდელი მდგომარეობა, რაც გარდაბანშია, არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ რადიკალურ ზომებს მივმართოთ და მუნიციპალიტეტი დაიკეტოს. გეუბნებით, ხელი უდევთ პულსზე ეპიდემიოლოგებს და მთავრობას, თუ ტენდენცია ხვალ-ზეგ დაისახა მატებისკენ, მაშინვე დაიკეტება“, – განაცხადა ცერცვაძემ.