თენგიზ ცერცვაძე - განახლებული გაიდლაინით ვეცდებით მივაღწიოთ, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით
თენგიზ ცერცვაძე - განახლებული გაიდლაინით ვეცდებით მივაღწიოთ, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით

განახლებული გაიდლაინით ვეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი გაიდლაინი დაახლოებით ორ კვირაში გამოქვეყნდება.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჟანგბადის გაძლიერებულად მიწოდებას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ინტუბაციას.

„დაახლოებით, ორ კვირაში გამოქვეყნდება განახლებული გაიდლაინი, რომელშიც პრინციპული ცვლილებები არ იქნება, უბრალოდ აისახება ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ გაზრდილი დინამიკის დროს მივიღეთ.

შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ შემცირდეს ინტუბაციის რაოდენობა რეანიმაციაში, რამეთუ კოვიდავადმყოფებში ინტუბაცია გადარჩენის საუკეთესო საშუალება არ არის, თუმცა როცა ის საჭიროა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ინტუბაციები უნდა ჩანაცვლდეს ე.წ. ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით. ეს პრინციპულად სხვა ტექნოლოგიაა. ბოლო ორი თვეა, ქვეყანა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ რეანიმაციული განყოფილებები აღიჭურვონ ამ ტექნიკით და ტექნოლოგიით. თითქმის დამთავრებულია ეს პროცესი. ბევრ კლინიკაში პრაქტიკაში უკვე ხორციელდება ინტუბაციის ნაცვლად ჟანგბადის გაძლიერებული, მაღალი ნაკადით მიწოდება და მას უკეთესი შედეგები, უკეთესი გამოსავალი აქვს. ბუნებრივია, ეს აისახება პროტოკოლსა და გაიდლაინებშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში „რემდესივირი“ შემოვა.

ცერცვაძის განმარტებით, ცვლილებაა მისი გამოყენების წესში, კერძოდ, თუ აქამდე „რემდესივირის“ გამოყენება რეკომენდებული იყო მძიმე პაციენტებში, ახლა გაირკვა, რომ ის უფრო ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაზე.

„უკვე გადაწყვეტილია, რომ შემოვა ახალი მედიკამენტი „რემდესივირი“. ეს არის ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტი, რომელსაც ამერიკის FDA-ს რეკომენდაცია აქვს. არსებობს განსხვავებული აზრი ამ მედიკამენტზე. ამერიკის ინსტიტტუტების უმეტესობა თვლის, რომ ის ეფექტურია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და ვერ ნახა მაინცდამაინც დიდი ეფექტი, მაგრამ უკეთესი საშუალება არ არსებობს და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მაინც მიმართავენ ამ მედიკამენტით მკურნალობას. მხოლოდ შეიცვალა რეკომენაცია მის გამოყენებაზე. თუ ადრე ის რეკომენდირებული იყო მძიმე, კრიტიკულად მძიმე და ინტუბაციაზე მყოფ ავადმყოფებში, გაირკვა, რომ ამ სტადიაზე ის ნაკლებ ეფექტურია. ის ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიებზე, როდესაც ვირუსის გამრავლება ხდება, ეს ანტივირუსული მედიკამენტია და ყველა ანტივურუსული მედიკამენტი ეფექტურია იმ სტადიაზე, როდესაც ხდება ვირუსის რეპლიკაცია.

ორ კვირაში შემოვა ჩვენთან რემდესივირი, ის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და განახლებულ პროტოკოლში აისახება, თუ როგორია ამ მედიკამენტის დანიშვნის და გამოყენების კრიტერიუმები“, – განაცხადა ცერცვაძემ.