თენგიზ ცერცვაძე - გამოცდას გადის ხუთი-ექვსი მედიკამენტი და ზოგიერთი მათგანის წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია
გამოცდას გადის ხუთი-ექვსი მედიკამენტი და ზოგიერთი მათგანის წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.
„ცალკეული ექსპერტთა ჯგუფები ან ცალკეული მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თუ ეს მედიკამენტები კორონავირუსს ასე პირდაპირ არ განკურნავს, ყოველ შემთხვევაში, მის მიმდინარეობას ამსუბუქებს და ლეტალურ გამოსავლებს ამცირებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველო უკვე იყენებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან.
„შეიძლება ითქვას, ამ ხუთი, ექვსი თუ შვიდი მედიკამენტიდან, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან, ერთის გარდა ყველა გვაქვს და უკვე ვიყენებთ. რაც შეეხება იმ ერთ მედიკამენტს, ის არც ერთ ქვეყანაში არ არის გაყიდვაში. იმიტომ, რომ ის არ იყო სხვა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული. ის ებოლას სამკურნალოდ იყო შექმნილი. ამ მედიკამენტმა ებოლას დროს ვერ იმუშავა, მაგრამ ახლა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე იმუშაოს. ქვეყნის ხელმძღვანელობა ზომებს ახორციელებს ამ ჩვენთან არარსებული ერთადერთი მედიკამენტის მისაღებადაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.