თენგიზ ცერცვაძე - ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას, ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე
ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, საბოლოო წარმატება, ეს არის ეტაპური, ამ მომენტისთვის წარმატება, ჩვენ ვდგევართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე.
„11 მაისიდან გაიხსნება დიდი ქალაქები. მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპობრივი აღდგენა. გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა, რამდენადაც ვიცი.
რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა სასტუმროების ამოქმედება, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის იმის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ განწირულობიდან გამომდინარე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებს ამას, რადგან სხვა გზა არ აქვს.
წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, ეს იქნება წარმატება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.