თენგიზ ცერცვაძე - ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომ გართულებები დაკავშირებული არ იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან
16 მილიონი ადამიანი აიცრა „ასტრაზენეკათი“ და რამდენიმე ათეული. 30 შემთხვევაა, როცა განვითარდა თრომბოემბოლიური გართულება და რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ გართულებები დაკავშირებული იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან
„პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრიაში, შემდეგ დანიაში, იყო შემთხვევები იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა „ასტრაზენეკას“ გამოყენება, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევამდე, სანამ სპეციალური კომისია გაარკვევდა თრომბოემბოლიის და გარდაცვალების შემთხვევები დაკავშირებული იყო თუ არა ვაქცინასთან. ამაზე ინტენსიურად იმუშავა ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების სპეციალურმა კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ. მათ უკვე გამოაქვეყნეს ოფიციალური დასკვნა. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ გართულებები დაკავშირებული იყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებასთან. გარდა იმისა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული პრეპარატთან, რაოდენობრივადაც მეტი არ იყო, ვიდრე არავაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის შემთხვევები. ძალიან არ მომწონს ტენდენცია, რომ ზოგიერთები შეგნებულად ამბობენ, ვინაიდან პირველი „ფაიზერი“ უნდა შემოსულიყო, ჩვენ გვინდა „ფაიზერი“, არ გვინდა „ასტრაზენეკა“. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რადგან მსოფლიოში „ასტრაზენეკა“ თავისი ხარისხით არანაკლებ ფასობს „ფაიზერზე“ და ის მეორე ვაქცინაციის შემდეგ 90 პროცენტიან დაცვას იძლევა კოვიდისგან, ხოლო პირველი დოზის შემდეგ 60 პროცენტიან დაცვა“, – განაცხადა ცერცვაძემ.