თენგიზ ცერცვაძე - ეპიდემიაზე კონტროლისთვის ეფექტურია ჯგუფების მიზნობრივი გამოკვლევა, მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ
ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად, მთლიანად მოსახლეობის გამოკვლევა, რადგან მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კლინიკურ დაწესებულებაში ტესტირება უტარდება უკლებლივ ყველას, ვისაც აქვს ფილტვების ანთება, პნევმონია, ცხელება, ანუ ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფს კვლევაზე.
„ახლა ამას დაემატება სამედიცინო პერსონალის გამოკვლევა, სხვა ორგანიზებული ჯგუფების, იგივე ძალოვანი სტრუქტურების, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასაკიანი ადამიანების გამოკვლევა და ფაქტობრივად, დაფარული იქნება ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი. ყოველ დღე და ყოველ კვირა, ეს სამიზნე ჯგუფები გაფართოვდება. ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად, მთლიანად მოსახლეობის გამოკვლევა, რადგან მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და თან არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, – განაცხადა ცერცვაძემ.