თენგიზ ცერცვაძე - დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ყველაზე წარმატებით უმკლავდება პანდემიას
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ყველაზე წარმატებით უმკლავდება პანდემიას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
პანდემიასთან გამკლავებაზე საუბრისას, ცერცვაძემ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითებზე გაამახვილა ყურადღება.
„უხარვეზო არაფერი არ არის და ალბათ, ჩვენც გვექნება რაღაც ხარვეზები, რომელიც გარედან უკეთესად ჩანს. ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები მზად ვართ, ყურადღებით მოვისმინოთ ყველა შენიშვნა და გავითვალისწინოთ. თუმცა ქვეყნის სტრატეგიას მსხვილი პლანით თუ შევხედავთ, მინდა დიდი კმაყოფილებით ვთქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომელიც ყველაზე უკეთ და ყველაზე მცირე დანაკარგით უმკლავდება კოვიდპანდემიას. ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი, ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის. ამის მტკიცებულება ის არის, რომ ქვეყანაში საათივით აწყობილად მუშაობს მთელი ვერტიკალი, მათ შორის კლინიკური სექტორი. სამჯერ მეტი საწოლია მობილიზებული, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. არ არსებობს არანაირი შეფერხება პაციენტების მიღებაში როგორც ბინაზე, ისე ჰოსპიტალში. საათივით გამართულად მუშაობს სასწრაფო დახმარების და ოჯახის ექიმის სამსახური. ძალიან კარგად ფუნქციონირებს ე.წ ონლაინკლინიკებიც, სადაც გაერთიანებულია 2 000 ოჯახის ექიმის ძალისხმევა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, წარმატებით იმუშავა კოვიდსასტუმროების ქსელმა, რაც საქართველოს ინოვაციური მიგნებაა. ცერცვაძის განცხადებით, ამ მეთოდის გამოყენებას იწყებს ინგლისიც.
„მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და ინსტიტუციები ერთხმად აღიარებენ კოვიდ საწინააღმდეგო სამსახურის მაღალ ეფექტიანობას. არაჩვეულებრივად მუშაობდა კოვიდსასტუმროების ქსელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ეს არის საქართველოს „ნოუ ჰაუ“ და უნიკალური მიგნება, ახლა მის გამოყენებას იწყებენ სხვა ქვეყნები, მაგალითად ინგლისი.
როდესაც პანდემია დამთავრდება, შედეგებს მერე შევაჯამებთ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ყველაზე წარმატებით უმკლავდება პანდემიას. ის, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას, ამაზე მეტყველებს ის იც, რომ ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინები“, – განაცხადა ცერცვაძემ.