თენგიზ ცერცვაძე - დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორნავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტი 44 წლის მამაკაცია.
მისივე განმარტებით, იგი მედიკოსია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობს.
ცერცვაძის თქმით, აღნიშნული პირი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში და საქართველოში პირველ მარტს დილით დაბრუნდა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლისას მას აეროპორტში მომატებული ტემპერატურა არ დაუფიქსირდა. ამასთან, ცერცვაძის ინფორმაციით, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„გუშინ დილით შემოსულ პაციენტს, საქართველოს მოქალაქეს, 44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირება. ეს არის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა. ეს პიროვნება დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა იტალიაში და საქართველოში პირველ მარტს დილით დაბრუნდა. როგორც თავად და სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში ჩამოსვლისას აეროპორტში მას ტემპერატურა არ ჰქონია, მაგრამ წავიდა სახლში, თვითიზოლაციაში. მას პირველშივე საღამოს საათებში აუწია ტემპერატურამ 39.5-ზე. ამის მიუხედავად, ის ორი დღე დარჩა სახლში, იღებდა სიცხის დამწევებს, თუმცა ეფექტი არ ჰქონდა. გუშინ დილით თვითონ მიმართა ჩვენს კლინიკას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზული. ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დღეს 37.5 აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნება, თუმცა არც გაუარესება არ არის, რაც ჩვენთვის კარგია. გარდა ტემპერატურის მომატებისა, მას აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი საერთო სისუსტე. რენტგენოლოგიურად არ არის ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ ოფიციალურად დავწეროთ პლევმონიის დიაგნოზი, მაგრამ ფილტვებში არის გარკვეული რენტგენოლოგიური ცვლილებები, რასაც სჭირდება დინამიკაში დაკვირვება. დღის მეორე ნახევარში ისევ გადაუღებენ. მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, მაგრამ ამ დაავადებას ახასიათებს ვერაგობა. მაგალითად, თუ გრიპი იწყება თავიდანვე მძიმედ, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დასაწყისი და ორი კვირის მანძილზე დამძიმება, მათ შორის სერიოზულად დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მას არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ დანარჩენ სამ პაციენტს, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კარგია, ორის საერთოდ კარგია, არაფერი აქვს. ერთ ახალგაზრდა ქალბატონს აღენიშნება 37.1 , 37.2 ტემპერატურის მატება და მშრალი ხველა. თუ ჩავთვლით, რომ სადღაც ერთი კვირა სრულდება მათი ავად ყოფნიდან, დიდი ალბათობით, ისინი ასევე კარგად ჩაამთავრებენ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტს 15-ზე მეტ პიროვნებასთან ჰქონდა კავშირი.
თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მაღალი რისკის ქვეყნებში ბოლო ორ კვირაში იმოგზაურეს, კარანტინში ან თვითიზოლაციაში იყვნენ.
„ისინი იდენტიფიცირებულები არიან და, სავარაუდოდ, თუ კლინიკური სიმპტომები ექნებათ, გამოიგზავნებიან აქ. მივმართავთ ყველას, ვინც იმოგზაურა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია მაღალი რისკის ქვეყნებად, აუცილებლად წავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში.
ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება რაიმე სიმპტომი, ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მაშინვე უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. ამ პაციენტმა ეს წესი დაარღვია. ორი დღე იმყოფებოდა სახლში მაღალი სიცხით, რაც იმედი მაქვს, რომ ახლა კარგად დამთავრდება, მაგრამ ყოველთვის შეიძლება კეთილად არ დამთავრდეს. ის მედიკოსია და მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ კლინიკაში 25 პაციენტი იმყოფება. მათგან ცხრა პაციენტის შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებიან.