თენგიზ ცერცვაძე - დღეს გარდაცვლილი პაციენტი პრაქტიკულად აღარ იყო კოვიდინფიცირებული, მაგრამ ფილტვების იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
დღეს გარდაცვლილი პაციენტი, პრაქტიკულად, აღარ იყო კოვიდინფიცირებული, ის „კოვიდისგან“ განიკურნა და ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„დღეს გარდაცვლილ პაციენტს ჩვენ ვიცნობდით, ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი. მას ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა და განსაკუთრებით კომპრომეტირებული ჰქონდა ფილტვების სასუნთქი სისტემა. ეს პაციენტი, პრაქტიკულად, აღარ იყო კოვიდინფიცირებული. ის „კოვიდისგან“ განიკურნა და ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ფილტვების იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, განსაკუთრებით, ასაკის გათვალისწინებით. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა თანმხლები დაავადებები ჰქონდა 81 წლის მამაკაცს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოში, სამწუხაროდ, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.
„თუ ამას ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ, ეს არის ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, თუ არ ჩავთვლით ჯუჯა სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 200-300 ათასს არ აღემატება. ცხადია, მათი შედარება საქართველოსთან, სადაც მოსახლეობა ოთხი მილიონია, არ შეიძლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.