პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა, უნდობლობა ქვეყნის, ჯანდაცვის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და არც მეტი არც ნაკლები „პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს“?!
„ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს?! რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.
როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო „1 მილიონ ადამიანზე COVID გარდაცვლილების რაოდენობით 222 ქვეყანას/ერთეულს შორის 39-ე ადგილზეა“, რაც, მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში COVID კატასტროფის მაჩვენებელია.
„სინამდვილე კი შემდეგია: ბატონი ზურაბის მეთოდიკით და ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად, სირიას, ტაჯიკეთს, ავღანეთს, სომალის, ეთიოპიას, ბურკინა ფასოს, ჰაიტის და კიდევ 150-ზე მეტ მსგავს ქვეყანას 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით აშშ-ზე და ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანაზე გაცილებით უფრო დაბალი სიკვდილობა აქვთ და შესაბამისად, COVID პანდემიას უკეთესად მართავენ? რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს ამას. ეს არც ბ-ნ ზურაბს სჯერა (მას ხომ ინტელექტი უდავოდ არ აკლია), მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს. მთავარია ხალხი მოატყუოს და ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედროს.
საქმე იმაშია, რომ როდესაც COVID სიკვდილობაზე და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე ვლაპარაკობთ, საქართველო უნდა შედარდეს მხოლოდ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს, რადგან ყველა დანარჩენი რეგიონის უმეტეს (უმეტეს და არა ყველა) ქვეყნებში ჯერ ერთი COVID პანდემიის კანონზომიერებები განსხვავებულია და მეორე და მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნებში (ერთეულების გარდა) აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპები და მათი სანდოობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მათი შედარება ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან სრულიად არარელევანტურია.
ახლა შევადაროთ საქართველოში COVID სიკვდილობის მაჩვენებლები ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს.
ქვეყანაში COVID პანდემიის მართვის შეფასება რამოდენიმე მაჩვენებლით ხდება, მაგრამ მათგან მთავარია ორი მაჩვენებელი: 1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate) და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.
პირველი მაჩვენებელი (CFR) პირდაპირ ასახავს COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის და მკურნალობის ხარისხს და არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე და არც COVID შემთხვევების რაოდენობაზე.
მეორე მაჩვენებელი კი უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზე.
პირველი მაჩვენებლით – COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტით საქართველოს (CFR- 1.43%) ცალსახად უკეთესი (უფრო დაბალი) მაშვენებლები აქვს, ვიდრე აშშ-ს (CFR – 1.79%), კანადას (CFR- 1.85%) და მექსიკას (CFR – 9,43%) და ევროპის 35 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ბოსნიას, ბულგარეთს, უნგრეთს, მაკედონიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუმინეთს, პოლონეთს, რუსეთს, მოლდოვას, ბელგიას, უკრაინას, ხორვატიას, ჰიბრალტარს, ესპანეთს, Channel islands-ს, სომხეთს, პორტუგალიას, ლიხტენშტეინს, საფრანგეთს, ალბანეთს, ირლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, Isle of Man-ს, სან მარინოს, სლოვენიას, ავსტრიას, მონტენეგროს, ლიტვას შვეიცარიას და აზერბაიჯანს).
მეორე მაჩვენებლით – 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო (1280 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) ასევე ცალსახად ჩამორჩება აშშ-ს (1850 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), მექსიკას (1769 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 27 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, იტალიას, უნგრეთს, ბოსნიას, ჩეხეთს, ჰიბრალტარს, სან მარინოს, მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, სლოვაკეთს, ბელგიას, სლოვენიას, ხორვატიას, პოლონეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, ანდორას, ლიტვას, ლიხტენშტეინს, მოლდოვას, სომხეთს, შვედეთს, ლატვიას და ლუქსემბურგს).
ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაა და ვაქცინაციაც დაგვიანებით დაიწყო.
საინტერესოა, ბატონ ზურაბის აზრით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, თუ არა.
მე ვთხოვ ბატონ ზურაბს დაგვისახელოს საქართველოში ერთი დარგი მაინც (მედიცინის დარგების ჩათვლით), რომელშიც საქართველო სჯობნის აშშ-ს და ევროპის 35 ან თუნდაც 27 ქვეყანას და მერე გვიპასუხოს საქართველოში COVID პანდემიის მმართველი პირები პასუხისგებაში მიცემას იმსახურებენ, თუ დაფასებას და მხარდაჭერას.
ახლა რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოკდაუნებს, რაშიც ბ-ნი ზურაბი ასევე გვადანაშულებს. ისინი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, ჩვენთან არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა: მხოლოდ ერთი პიროვნების სტუმრობის უფლება სხვა ოჯახიდან, მხოლოდ 6 ადამიანის შეკრების უფლება და გაადგილების შეზღუდვა 15 კილომეტრიანი რადიუსით საცხოვრებელი ადგილიდან (გერმანია), კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე (საფრანგეთი), საკუთარი სახლიდან გამოსვლის უფლების შეზღუდვა აუცილებელი მიზეზის გარეშე (დიდი ბრიტანეთი), სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად და მოხუცების და ბავშვების მოსავლელად (ესპანეთი), სახლში მხოლოდ ერთი პიროვნების მიღების (ვიზიტის) უფლება და ე.წ. ოთხის წესი სახლის გარეთ შეხვედრებისას (ბელგია), საკუთარ სახლებში სტუმრების მიღების აკრძალვა მათ გარდა ვინც უვლის ბავშვებს, მოხუცებს და ავადმყოფებს, ქორწილის შეზღუდვა 6 ადამიანით და დაკრძალვის – 10 ადამიანით (ირლანდია), სახლიდან გადაადგილების შეზღუდვა მაქსიმუმ 1000 მეტრით, შეკრების უფლება მხოლოდ 5 ადამიანამდე დახურული სივრცეში და 10 ადამიანამდე – ღია სივრცეში (ისრაელი), თვით ბრიტანეთმაც კი, რომელმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრა, სულ ახლახანს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა გადადო ა.წ. 21 ივნისიდან 19 ივლისამდე და ა.შ. და ა.შ.
ახლა რაც შეეხება COVID პანდემიის სამართავად მოზიდული სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და „მოპარვას“. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს COVID პანდემია 16 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა (ახლა ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება) და რა გასაკვირია, რომ საქართველოსაც სერიოზული ხარჯები ჰქონდა, თუმცა ეს ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ჩვენ პირადად არანაირი, თუნდაც სიმბოლური შეხებაც კი არ გვქონია არანაირ ფინანსებთან და ხარჯვასთან, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო ბ-ნ ზურაბს – თუ ყველაფერი „მოიპარეს“, მაშინ რის ხარჯზე კეთდება უფასოდ ყოველდღიურად 30 ათასზე მეტი ტესტი (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში). რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 6 ათასზე მეტი COVID საწოლი მთელი თავისი მედპერსონალით, აღჭურვილობით და მედიკამენტებით, რის ხარჯზე გატარდა 100 ათასზე მეტი ჰოსპიტალური და 250 ათასზე მეტი ამბულატორიული COVID ავადმყოფი და ყველა – უმაღლესი საერთაშორისო სტადარტებით. რის ხარჯზე შეიქმნა 60-ზე მეტი „ონლაინ კლინიკა“, რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 4 ათასზე მეტი ადგილი (პიკის პერიოდში) COVID სასტუმროებში, რის ხარჯზე ხდება ძალიან დიდი რაოდენობის COVID პაციენტების ნაკადების ეფექტიანი მართვა (ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში), რის ხარჯზე იქნა ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით, რის ხარჯზე შემოდის COVID ვაქცინის ასი ათასობით და მილიონობით (ა.წ. ივლისიდან) დოზა, რის ხარჯზე გაეწია სუბსიდირება და ფინანსური დახმარება მთელ რიგ დარგებს და მთელ რიგ სოციალურ ფენებს და ა.შ. და ა.შ.
კონკრეტულად კიდევ რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა (ვაქცინაციის დაგვიანების გარდა) ქვეყანაში COVID პანდემიის სამართავად და საიდან იცის ბატონმა ზურაბმა, რომ ყველაფერი „მოიპარეს“.
მე მინდა ვთხოვო ბატონ ზურაბს შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შეძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.