თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, მეორე ტალღის დაწყებაზე საუბარი არ არის.
„ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა. ეს დამთავრდა მარტო საქართველოში და კიდევ რამდენიმე წარმატებულ ქვეყანაში. თქვენ რომ ბრძანებთ, რომ მეზობელ ქვეყნებში უკვე მეორე ტალღა დაიწყოო, მეორე ტალღა როგორ დაიწყო, გადახედეთ ინტერნეტში მონაცებს. თუ თქვენ საზღვარს იპოვით პირველსა და მეორე ტალღას შორის, შემდეგ ვილაპარაკოთ.
მეორე ტალღა იმას ერქმეოდა, თუ პირველი ტალღა დამთავრდებოდა და შემდეგ დაიწყებოდა მეორე. იქ გადაება პირდაპირ, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან იმდენად კარგი მდგომარეობა გვაქვს, რომ ჩვენთან თუ დაიწყო, იმას შეიძლება დავარქვათ მეორე ტალღა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძემ ისაუბრა საზღვრების გახსნის საკითხზეც და აღნიშნა, რომ საზღვრის გახსნაზე გადაწყვეტილება საქართველომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.
„გასათვალისწინებელია არა მარტო ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად არის ის ქვეყანა უსაფრთხო, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები. შესაძლოა, ის არ იყოს მთლად ჩვენსავით უსაფრთხო. უნდა გავითვალისწინოთ ტენდენციები როგორია ქვეყანაში. როგორია იქ უსაფრთხოების ზომები, რამდენად მოწესრიგებულია კონტროლი და სხვა.
ყველაფერ ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად არ ვართ ძლიერი ქვეყანა, თუ კი ვინმე მოისურვებს რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი, ყველას უნდა გავუღოთ კარი ჩვენი ინტერესების დაცვის გარეშე.
ასე არ არის. ჩვენ კარის გაღების დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან, ის ქვეყნები, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად არ შეიცავს მათთან საზღვრების გახსნა ჩვენთან ავადმყოფების მატების რიცხვს.
მინდა, გითხრათ მაგალითი. ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება.
ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის და რას წერს მსოფლიო პრესა, როგორ აფასებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციები და წამყვანი ქვეყნის ხელმძღვანელები, ამერიკის პრეზიდენტის ჩათვლით, ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორიც არის „ვაშინგტონ პოსტი“, რადიო მაუწყებლობა „ბიბისი“. შვედეთს ჰყავს 71 ათასი ავადმყოფი და 5 ათასი გარდაცვლილი. ჩვენ, რომელიც შვედეთზე ორჯერ პატარა ვართ, სულ გვყავს 953 ავადმყოფი, ანუ 70-ჯერ ნაკლები, ვიდრე შვედეთს და სულ 15 გარდაცვლილი. თვლაც კი მიჭირს რამდენჯერ ნაკლები.
იქ 5 ათასი გარდაცვლილია, ჩვენთან 15. ახლა რითი ჯობია შვედური მოდელი, იმიტომ, რომ შვედური ქვია სახელი და ევროპის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა? არა, დავიჯეროთ და ვირწმუნოთ, რომ საქართველოს და მის მთავრობასაც შეუძლიათ რაღაცის სხვაზე უკეთ გაკეთება. კოვიდთან ბრძოლას საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინიტრომ თავი გაართვეს გაცილებით უკეთესად, ვიდრე ევროპის ნებისმიერმა ქვეყანამ, მათ შორის იგივე შვედეთმა, რომელსაც ახლა უდგას ყველაზე დიდი გაჭირვება, ვთქვათ პიკი ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მაშინ, როდესაც ჩვენთან პრაქტიკულად ოაზისია.
ავიღოთ ჩვენი უშუალო მეზობელი ქვეყნები. ოთხი ქვეყანა, რომელიც უშუალოდ გვესაზღვრება – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. ნახეთ, რა ხდება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ბრაზილიაში, ინდოეთში, ამერიკაში იმატებს, მაგრამ იქ სხვა გეოგრაფიული პირობებია და საქართველოს სხვა გეოგრაფიული პირობები აქვს, ამიტომ არის ჩვენთან ერთეული შემთხვევა. კიბატონო, შეიძლება მსჯელობა ჩვენს სამეზობლოში რა ხდება, ჩვენს ირგვლივ, რომელთაც სულ რაღაც 50-100 კილომეტრი გვაცილებს. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი. სომხეთში რამდენიმე ასეული შემთხვევაა დღეში და თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობის ერთეულზე, მსოფლიოში ლამის პირველ ადგილზე არიან ახალი შემთხვევებით.
აზერბაიჯანი 520 შემთხვევა, რუსეთი 7000 შემთხვევა, თურქეთი 1500 შემთხვევა. ახლა მეორე როგის მეზობლები ავიღოთ – ირანი, მოლდოვა, უკრაინა, ყაზახეთი, იქაც კატასტროფული მატება არის. ამ სიტუაციაში საქართველო პირდაპირ არის ოაზისი, კუნძული. მთელ მსოფლიოს უკვირს, მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ასეთი რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომ რეგიონში ამ მდგომარეობას მიაღწია“, – განაცხადა ცერცვაძემ.