თენგიზ ცერცვაძე - დაახლოებით 2-3 კვირაში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული კორპუსი პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს
თენგიზ ცერცვაძე - დაახლოებით 2-3 კვირაში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული კორპუსი პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს

ჩვენს ცენტრში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა სავალალო იყო, რამეთუ 10 წლის წინ გაიყიდა ეს ცენტრი და მდგმურებად ვართ აქ. შემდგომში ამის გამოსასწორებლად ნაბიჯები გადაიდგა, მთავრობის მიერ თანხა გამოიყო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 2-3 კვირაში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და პაციენტების სრული დატვირთვით მიღება იქნება შესაძლებელი.

„ყველამ იცის, ჩვენს ცენტრში ინფრასტრუქტურის მდგომარეობა სავალალო იყო. რამეთუ 10 წლის წინ გაიყიდა ეს ცენტრი და მდგმურებად ვართ აქ. არ გვაძლევდნენ რემონტის გაკეთების უფლებას. ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. შემდგომში გადადგმულ იქნა ნაბიჯები ამის გამოსასწორებლად. მთავრობის მიერ თანხა გამოიყო. ამჟამად, ბოქსირებულ კორპუსში, რომელიც არის ერთადერთი ბოქსირებული კორპუსი მთელს ქვეყანაში და მთავარი მიმღები კორპუსი „კოვიდის“ ყველაზე სერიოზული შემთხვევებისა, რემონტი ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ეს არ იქნება სრულფასოვანი რემონტი, მაგრამ პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები ჩატარდება. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, ვენტილაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება, ეს არის დამიწება, კანალიზაციის მოწესრიგება და ასე შემდეგ.

დროებით ეს კორპუსი დაცლილია, პაციენტები არ არ არიან. ისინი სხვა კორპუსში გვყავს, რომელიც არ არის კარგად მოწყობილი, მაგრამ ამჟამად სხვა საშუალება არ გვაქვს. ვვარაუდობთ, დაახლოებით ორ კვირაში, მაქსიმუმ სამ კვირაში კორპუსი იქნება მზად და პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს. სრული დატვირთვის შემთხვევაში, ეს კორპუსი 40 პაციენტის მიღებას შეძლებს. ეს არის ქვეყანაში ერთადერთი ბოქსირებული განყოფილება, სადაც იქნება 18-20 ნამდვილი ბოქსი. აქ პაციენტი აბსოლუტურად უსაფრთხოდ ქნება, ინფექციის გავრცელება არ მოხდება. ამ ბოქსირებულ განყოფილებაში ყველზე სერიოზული პაციენტები მოხვდებინ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.