თენგიზ ცერცვაძე - ჩვეულებრივი ქსოვილის შარფი შესაძლოა, ნიღაბზე ეფექტურიც იყოს, მაგრამ რეკომენდებულია მაშინ, როცა ინფიცირებულ პირთან მჭიდრო კონტაქტში ხართ
თენგიზ ცერცვაძე - ჩვეულებრივი ქსოვილის შარფი შესაძლოა, ნიღაბზე ეფექტურიც იყოს, მაგრამ რეკომენდებულია მაშინ, როცა ინფიცირებულ პირთან მჭიდრო კონტაქტში ხართ

პირბადის ხმარება სჭირდება მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტს, რათა ვირუსის ნაწილაკები არ გამოაფრქვიოს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

„არაინფიცირებულ ადამიანს მაშინ სჭირდება, თუ ის პაციენტთან უშუალო კონტაქტში იმყოფება. ძირითადად, ეს სამედიცინო დაწესებულებაში ხდება. პირბადე გჭირდებათ მაშინ, თუ პაციენტს მკურნალობთ, უვლით, მასთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობთ, ან ტრანსპორტით მგზავრობთ. ყველა სხვა შემთხვევაში, მით უმეტეს, სამსახურში ყოფნისას და ქუჩაში სიარულისას პირბადე არ გჭირდებათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაყურებლის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტურია ვირუსისგან თავის დასაცავად სიფრიფანა ნიღაბი და შეიძლება თუ არა, ნიღბის ფუნქციით ჩვეულებრივი ქსოვილის შარფის გამოყენება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სიფრიფანა ნიღაბი საკმარისია, თუ ის სწორად არის გაკეთებული, პირსა და ცხვირს ფარავს და სახეს მჭიდროდ ეკვრის, ხოლო რაც შეეხება ჩვეულებრივი ქსოვილის შარფს, ის შესაძლოა, ნიღაბზე უფრო ეფექტურიც იყოს, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ვიცით, რომ მჭიდრო კონტაქტში მყოფი ადამიანი ინფიცირებულია. 

„რა თქმა უნდა, სიფრიფანა ნიღაბი პაციენტთან მუშაობისას და მასთან ხანგრძლივი დროით ყოფნისას საიმედო არ არის, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგალითად, ტრანსპორტში სავსებით საკმარისია, ხოლო ქუჩაში არც მისი ტარებაა აუცილებელი. რაც შეეხება ქსოვილის სახეზე, პირსა და ცხვირზე მიფარებას, ეს ეფექტურია და შეიძლება, ნიღაბზე უფრო ეფექტურიც იყოს, მაგრამ ასე ქსოვილაფარებული დიდხანს ვერ ივლით და ეს შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოთ, როცა იცით, რომ პიროვნება ინფიცირებულია და მასთან მჭიდრო კონტაქტში ხართ, იგივე ტრანსპორტში, ან დახურულ სივრცეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა ასაკი ინფიცირებისგან დამცავ ფაქტორს არ წარმოადგენს, მაგრამ ახალგაზრდებს შეუძლიათ, შედარებით მშვიდად იყონ, რადგან დაინფიცირების შემთხვევაში ამ ინფექციას ისე მოიხდიან, სერიოზული პრობლემები არ შეექმნებათ.

„25 წლის ასაკში ისევე ინფიცირდებიან, როგორც ნებისმიერ მოზრდილ ასაკში, მაგრამ მინდა, ერთი კარგი, თქვენთვის დამაიმედებელი ფაქტი გითხრათ – იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირდებით, მძიმე გამოსავალი არ გემუქრებათ. 50 წლის ქვემოთ სიკვდილობა 0,5-0,6%-ს შეადგენს, ხოლო 25 წლის ასაკში კიდევ უფრო ნაკლებს. ამიტომ, ახალგაზრდები პრაქტიკულად, გარანტირებული არიან, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ამ ინფექციას ისე მოიხდიან, სერიოზული პრობლემები არ შეექმნებათ. ასე რომ, ახალგაზრდებს შეუძლიათ, შედარებით მშვიდად იყონ და პანიკას არ მიეცენ. მეტსაც გეტყვით, შემთხვევები დაფიქსირებულია 15 წლის ქვემოთ და ზოგიერთი მონაცემით 20 წლის ქვემოთაც, მაგრამ სიკვდილობის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.