თენგიზ ცერცვაძე - ჩვენთან კორონავირუსის მესამე ტალღა ჯერ არ არის, მაგრამ გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან
დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.
ცერცვაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, რათა თქვან, რომ სახელმწიფომ ვითარების მართვა სათანადოდ ვერ უზრუნველყო.
„მართალია, დღეს შემთხვევების რაოდენობა ცოტა არ არის, ბევრია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით, 200-ით შემცირდა. აი, ეს მაფიქრებინებს, რომ ჯერ ის, რაც ასე ძალიან არ უნდა ქვეყანას, ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდა კიდეც. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, შემდეგ კი ამით მანიპულირება მოხდეს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მართვა. ვგულისხმობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც „ფეისბუქზე“ აქტიურობს, თუ რაიმე კარგი ინფორმაცია გამოჩნდა გარდაცვლილთა ან ავადმყოფების რაოდენობის შემცირების, ან რაღაც ტენდენციის შემცირებაზე, უკმაყოფილო არიან და ილანძღებიან. როდესაც ოპტიმისტურ ინფორმაციას აქვეყნებ და ამაზე არის უკმაყოფილება, ლანძღვა, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს ეს ოპტიმისტური ინფორმაცია ხელს არ აძლევთ. საბედნიეროდ, ასეთია მოსახლეობის უმცირესობა. მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან არ უნდა მესამე ტალღა. დღეს რომ შემთხვევების რაოდენობამ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. არამედ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან. იმ ქვეყნებიდან, სადაც ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.