თენგიზ ცერცვაძე - ჩვენთან ლოკდაუნმა უეჭველად მოახდინა დადებითი გავლენა პანდემიის დინამიკაზე, შეჩერდა ზრდა, შემცირდა კიდეც, ოღონდ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ
გერმანიამ ნახევრად ლოკდაუნით ვერ მიაღწია შედეგებს, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ეპიდსიტუაცია ძალიან გაუარესებული იყო მთელ მსოფლიოში. სამი დღის წინ მსოფლიო რეკორდი მოიხსნა. 700 000-ზე მეტი შემთხვევა დღეში. მაგრამ ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა. ბევრი ამას აიგივებს, რომ საქართველოში გაუარესებული იყო სიტუაცია, პირველ რიგში, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მხრივ მაშინ, როცა გარდაცვალების შემთხვევები იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროპაში და მსოფლიოში. მართალია, რიცხვებში ისიც გაიზარდა, იყო 30-50-მდე გარდაცვალება, მაგრამ შედარებით, შეფარდებით სხვა ქვეყნებთან, ეს მაინც იყო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში არის ასეულობით და ათასეულობით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დროული და რბილი შეზღუდვები დაწესდა.
„ეს ლოკდაუნი იყო დროული, ეს იყო რბილი ლოკდაუნი. თქვენ რომ ნახოთ სხვა ქვეყნებში, იქ გაცილებით მკაცრია. მაგალითად, გერმანიამ ნახევრად ლოკდაუნით ვერ მიაღწია შედეგებს, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ სხვათა შორის. ჩვენთან ამ ლოკდაუნმა უეჭველად მოახდინა გავლენა, დადებითი გავლენა პანდემიის დინამიკაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ ლოკდაუნის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რახან ორი კვირა გრძელდება ინკუბაციური პერიოდი, ორი კვირის შემდეგ შეჩერდა ზრდა. ბოლო ორი დღეა, შემცირდა კიდეც. ოღონდ აქედან ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. შაბათ-კვირა იყო და ტესტირების რაოდენობა ამ დღეებში მცირდება ხოლმე. შესაძლოა, ამასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია, რომ არ იზრდება რაოდენობა. ასეთი იყო პროგნოზიც, რომ თუ ჩვენ, ქართველი ხალხი სწორად გაიგებს ექიმებისა და მთავრობის მითითებებს და რეგულაციებს შეასრულებს, პირველ რიგში, ნიღბის ტარებისა და თავყრილობებისგან თავის შეკავების თვალსაზრისით, ორ-სამ კვირაში მოხდებოდა სტაბილიზაცია და შემდეგ წავიდოდა კლებისკენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაცია უკვე მოხდა და იმედოვნებს, რომ დინამიკა წავა კლებისკენ.
„რაც შეეხება გაფართოებულ ტესტირებას, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც იოლი არ არის. დაკავშირებულია ხარჯებთან, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსთან. ადრე, როცა 10 000 ტესტი კეთდებოდა, ეს იყო საშუალო ევროპულ დონეზე, 20 000-ით უკვე ლიდერ ქვეყნებს გავუთანაბრდით. ეს მნიშვნელოვანია. რაც მეტ ტესტს აკეთებ, მეტს ავლენ და ნაკლები რჩება გამოუვლენელი. ტესტირების გაზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზა პანდემიის შესაჩერებლად. ყველაფერი ეს მაძლევს იმედს, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს ჩვენი ქვეყნისთვის, პანდემიის თვალსაზრისით, დავძლევთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.