თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა
თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიტყვები – უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.

ცერცვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ქვეყანა მუდმივად ვერ იქნება და ვინაიდან ნაკლებია მოლოდინი, რომ ინფექცია მალე სრულიად გაქრება, უნდა გვქონდეს ინფიცირებულთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რათა გადადებისა და ახალი ინფექციების სიხშირე დიდი არ იყოს.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, შევაკავოთ ინფექცია და ამის ნიშნები უკვე ჩანს.

„ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იყოს გაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს. შესაძლოა, ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია –  ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არის ათასობით ახალი ავადმყოფი, ასეულობით და ათასობით გარდაცვლილი.

საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად. ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად.

უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, რათა ამ შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა სიხშირე და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი. ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში სულ გაქრება ეს ინფექცია და საქართველოში აღარც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება. ჩვენ თქვენთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიური ინფიცირებული პირების რაოდენობა და ავადმყოფების რაოდენობა იყოს რაღაც დაბალ ნიშნულზე, როგორც ეს არის რომელიმე სხვა ინფექციის დროს.

რა, ფილტვების ანთება არ ემართებათ საქართველოში ადამიანებს? მაგრამ ის არ არის მასიური, ეს არ არის ასეულები და ათასეულები. აი, ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც. ამ დაავადების, კოვიდ19-ის რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან მოახდინოს საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“, – განაცხადა ცერცვაძემ.