თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ უნდა შევადაროთ საქართველო იმას, ვისი წევრიც გვინდა ვიყოთ, ანუ ევროპას და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ევროპაში
ჩვენ უნდა შევადაროთ საქართველო იმას, ვისი წევრიც გვინდა ვიყოთ, ანუ ევროპას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ევროპაში.
„აქამდე ჩვენ მოვაღწიეთ კარგად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ევროპაში. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, შეგვადაროს ეკვატორის ქვევით რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყნას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევედაროთ იმათ, რადგან იქ ამ დაავადების გავრცელების სულ სხვა კანონზომიერებებია და არავინ იცის საერთოდ იქ რა დიაგნოსტიკაა და რა რეპორტინგია, საერთოდ რა არის და როგორ არის. ჩვენ უნდა შევადაროთ საქართველო იმას, ვისი წევრიც გვინდა ვიყოთ – ევროპას. ჩვენ პირველი ეტაპი ამ ეპიდემიის დავამთავრეთ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქვეყანამ ევროპაში, ჩვენზე წარმატებული არიან მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოები, რომელთა მოსახლეობა არ აღემატება 200 ათას ან 300 ათას მოსახლეს, როგორებიცაა: მონაკო, ვატიკანი, ლიხტენშტეინი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ცერცვაძემ.