ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ამ გამონათქვამს, რომ ვირუსი ერთ დღეში არსად წავა და ხალხმა ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, ადამიანები სხვადასხვანაირად იგებენ. მე მინდა, ჩემეული გაგება, ჩემეული ვერსია შემოგთავაზოთ, რომ მოგვიწევს ამ კოვიდის გამომწვევ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და თანაარსებობა. ვიხმარ პოლიტიკურად პოპულარულ ტერმინს, კოჰაბიტაციას და ვიტყვი, რომ ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, ყველამ ჩავჭიდოთ ხელები და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიას აღმავალი მიმართულება არ ჰქონდეს, შევზღუდოთ ეპიდემია და შევაჩეროთ იმ დონეზე, რა დონეზეც ახლა გვაქვს, ან კიდევ უფრო დაბალ დონეზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა წესების დაცვას და ცხოვრების რა რეჟიმის არჩევას გულისხმობს კოვიდვირუსთან ერთად ცხოვრება და დაახლოებით, რა ვადით შეიძლება, მოგვიწიოს ამ რეჟიმში ყოფნა.
მისი თქმით, თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ჩვენ შეგვექმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც ეს დაავადება იარსებებს, შეიძლება, ჩქარა არ გაქრეს, მაგრამ ის ეპიდემიის გავრცელების რისკს არ შექმნის.
„დაახლოებით მაგალითს გეტყვით – თქვენ ხომ ხშირად გესმით, რომ ვიღაც სიტყვაზე, ფილტვების ანთებით, ან სხვა დაავადებით, თუნდაც, გრიპით დაავადდა, მაგრამ არ გიჩნდებათ იმის განცდა, რომ თუ ფილტვების ანთებით, ან თუნდაც გრიპით ერთი კაცი დაავადდა, არიქა, ქალაქი ან ქვეყანა დაიღუპება და ყველას დაგვემართება. ეს განცდა ხომ არა გაქვთ?! აი, ეს განცდა მინდა, რომ იყოს; დადგეს ის მომენტი, რომ კოვიდზეც ეს განცდა იყოს; როდესაც გავიგებთ, რომ ჩვენ გარემოცვაში, სანაცნობოში თუ სანათესაოში კოვიდით ავად გახდა ერთი, ორი ან სამი ადამიანი, ეს პანიკის საფუძველი არ იყოს და რაც მთავარია, იმის საწინდარი, რომ თუ ის ერთი კაცი გახდა ავად, მის ირგვლივ მყოფი ათი კაციც აუცილებლად ავად გახდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ კოვიდის მართვა ისე, რომ ის ეპიდემიიდან სპორადულ შემთხვევებში, ანუ ერთეულ და ათეულ შემთხვევებში გადავიდეს.
„აი, ამას ჰქვია – ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად. ძალიან მომეწონა მე თვითონ ეს სიტყვა, ახლა მოვიფიქრე – კოჰაბიტაცია კოვიდთან ერთად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.