თენგიზ ცერცვაძე - ჩემთვის ვფიქრობდი, რა ჯობდა, გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი, მაგრამ ეს არსად მითქვამს
ჩემთვის ვფიქრობდი, რა ჯობდა, გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი, მაგრამ ეს არსად განმიცხადებია, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას, აპირებდა თუ არა თანამდებობის დატოვებას და რატომ შეიცვალა პოზიცია.
მისივე თქმით, მას გადადგომის თაობაზე არსად განუცხადებია.
ჟურნალისტების კითხვაზე, გადადგომის შესაძლებლობას რატომ განიხილავდა, ცერცვაძემ უპასუხა, რომ მიზეზებზე საუბარი არ სურს.
„არც ერთხელ არ განმიცხადებია, რომ გადადგომას ვაპირებდი. ეს გააჟღერა ზოგიერთმა ტელევიზიამ. ასე რომ, თქვენ არ გაქვთ არავითარი არგუმენტი, სადმე ერთხელ მაინც მეთქვა, რომ მე გადადგომას ვაპირებ. ასეთი რამე მე არ მითქვამს. არ დაგიმალავთ, ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ მე ეს არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი, რა ჯობდა, გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი. ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს ისეთი მომენტი, როდესაც შეიძლება ჩათვალოს, რომ ხომ არ სჯობს გადადგომა.
მიზეზებზე საუბარი რომ მდომოდა, ვისაუბრებდი. ფაქტი ის არის, რომ მე არსად გამიცხადებია, რომ გადავდექი. შესაბამისად, ვრჩები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კითხვაზე, მის მიერ თანამდებობის დატოვებაზე პრემიერ-მინისტრთან ხომ არ უსაუბრია, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, რომ პრემიერს მხოლოდ კოვიდის მართვის საკითხზე ესაუბრება.
„პრემიერ-მინისტრთან ამ თემაზე არანაირი საუბარი არ მქონია. მასთან არაერთხელ მიწევს შეხვედრა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ კოვიდის მართვის ოპტიმიზაციაზე. არც ერთხელ ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია და არც მას უსაუბრია“, – განაცხადა ცერცვაძემ.