თენგიზ ცერცვაძე - ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ ყველა პაციენტს გამოკვლევა უტარდება უმოკლეს დროში და დანიშნული აქვს ოპტიმალური თერაპია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესს გაეცნო.
მისი თქმით, ყველა პაციენტს გამოკვლევა უტარდება უმოკლეს დროში და დანიშნული აქვს მისთვის ოპტიმალური თერაპია.
„ბათუმში მთელი გუნდი ჩამოვედით, რათა გავცნობოდით აჭარის რეგიონში და კერძოდ ბათუმში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მდგომარეობას და ზოგადად სიტუაციას აჭარის რეგიონში. ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა თბილისიდან და განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. ერთი, რომ რეგიონებიდან ყველაზე მეტი პაციენტი არის სწორედ ამ საავადმყოფოში -„მედალფაში“. 38 პაციენტია დღეისთვის. მეორე მიზეზი არის სერიოზული პაციენტები, მათ შორის კრიტიკული პაციენტები და კიდევ ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ეპიდემიის თვალსაზრისით, ქობულეთის კლასტერის პაციენტები არიან აქ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კლინიკა გამორჩეულია მკურნალობის ინოვაციური მიდგომით.
„ყველა პაციენტს გამოკვლევა უტარდება უმოკლეს დროში, ყველა პაციენტს დანიშნული აქვს მისთვის ოპტიმალური თერაპია. როგორც წესი, მუდმივ კონტაქტში არიან ჩვენთან და ერთობლივად ხდება გადაწყვეტილებების მიღება. რითაც ეს კლინიკა გამოირჩევა ეს არის ინოვაციური მიდგომა, მაგრამ კარგი გაგებით ინოვაციური. მხედველობაში მაქვს ის, რომ აქაური ექიმები და ბატონი ალეკო იყენებენ ყველა სიახლეს რაც კი არსებობს მსოფლიოში და რაც ნებადართულია ოფიციალურად. ანუ აქ ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ სიახლეები უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ ისინი, რაც რეკომენდებულია და ოფიციალურად ნებადართულია ამერიკის წამლის და საკვებ პროდუქტთა ადმინისტრაციის მიერ და შედეგიც სახეზეა. პრაქტიკულად ყველა პაციენტი, რომელიც კრიტიკული იყო, ან გამომჯობინდა, ორი მათგანი რჩება ჯერ კიდევ კრიტიკული, მაგრამ უკვე არის მათი გადარჩენის იმედი. განსაკუთრებული ინტერესით გავეცანი ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ერთ-ერთ ადრეულ სტადიაზე შემოსული პაციენტია. ეს იყო ძალიან ხანდაზმული მამაკაცი. 78 წლის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძიმე თანმხლები დაავადება, იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, რომ პროგნოზი იყო ცუდი. დღეს, კარგს ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ პაციენტის პროგნოზი უკვე არ არის უიმედო და ეს დიდი მიღწევაა ამ კლინიკის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.