თენგიზ ცერცვაძე - ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ და სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს
ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ და სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ავადმყოფებს მოვუწოდებ, ყველაფერი გააკეთონ, განსაკუთრებით, 60 წელზე მეტი ასაკისა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა, რომ სიმპტომების დაწყებიდან პირველი რვა დღის განმავლობაში მიმართონ კლინიკებს. ამისთვის საჭიროა, ტესტი დროულად გაიკეთონ. ბევრი ტესტს დაგვიანებით იკეთებს. ვთქვათ, 10 ან 15 დღის შემდეგ. ნუ დაელოდებით უკიდურესად დამძიმებას, მოგვმართეთ პირველი რვა დღის განმავლობაში და თქვენ ნახავთ, რამდენად შემცირდება სიკვდილობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, დღეს ოჯახის ექიმების ქსელი და ონლაინკლინიკები ძალიან გამართულად მუშაობს.
„ჩვენი რამდენიმე ოპონენტი რომ ამბობს, ოჯახის ექიმების ქსელი კარგად არ მუშაობსო, ეს დიდი ტყუილია. პრაქტიკულად, ყველა ავადმყოფს ჰყავს ექიმი და არც ერთი ავადმყოფი არ არის ექიმის გარეშე დარჩენილი. საჭიროა, ამ ექიმებს პაციენტებმა დაუჯერონ. როცა ექიმი ავადმყოფს რეკომენდაციას აძლევს, შენ ხარ დამძიმების კანდიდატი, გაქვს დამძიმების რისკი, ან უკვე ხარ დამძიმებული, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ კლინიკას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 74 ფაქტი დაფიქსირდა და საქართველო რომ ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, გვეყოლებოდა არა 74, არამედ ექვსი ან შვიდი გარდაცვლილი, ხოლო თუ პაციენტები კლინიკას პირველ რვა დღეში მიმართავდნენ, გარდაცვლილი საერთოდ არ გვეყოლებოდა.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ ორჯერადად აცრილებს შორის გარდაცვალების შემთხვევები მინიმალურია.
„ეს არის ერთეული და ჩვენს კლინიკაში არც ყოფილა ასეთი. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალებულთა შორის 98% იყო არავაქცინირებული და მხოლოდ 2% იყო ვაქცინირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.