თენგიზ ცერცვაძე - „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, მაგრამ 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება
„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, მაგრამ 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასი დოზა და არავითარი პრობლემა არ იქნება.
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებული შეფერხება სუფთა ტექნიკურმა ფაქტორმა გამოიწვია, ვაქცინა შეძენილია. მისი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო სამი დღის წინ და შესაბამისად იყო ყველაფერი გათვლილი. რამდენადაც ვიცი, იყო გადაზიდვის პრობლემა და ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო 3-4 დღის წინ, თვითმფრინავის იმ რეისზე ვერ მოხვდა. სულ ეს იყო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, რამდენიმე დღეში ჩამოვა 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ პარტია და არავითარი პრობლემა არ იქნება.
მანამდე ქვეყენაში არსებული მარაგის მობილიზება მოხდა და ასაცრელად მოიწვიეს ის პაციენტები, რომელთაც პირველი ვაქცინაციის შემდეგ ათკვირიანი ვადა გასდიოდათ. ასე რომ, ისინი ყველანი აცრილი არიან. თუ ვინმეს ხმაურის ატეხვა უნდოდა, ერთი შეხედვით, იყო ამისი საბაბი, მაგრამ არავითარი ზიანი ამის გამო არავის არ მისდგომია. უბრალოდ, რამდენიმე ათეული, შეიძლება ასი ადამიანი, აიცრება რამოდენიმე დღით გვიან. ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს ამ ადამიანების იმუნიტეტზე, რადგან „ასტრაზენეკას“ ოფიციალურად უწერია, რომ მეორე დოზა უნდა გაკეთდეს 8-12 კვირამდე ინტერვალში. 12 კვირის ინტერვალს არც ერთი ადამიანის ვაქცინაცია არ გადასცდება.
რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, აქ იყო რამდენიმე ათეული, დაახლოებით 30 პაციენტი. ასევე, როგორც ვიცი, პრობლემა იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ ვაქცინაციის აღმსრულებელი ვართ, მის ლოჯისტიკასა და განაწილებას არ ვახდენთ, ამიტომ სხვა კლინიკის მონაცემები არ მაქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.