თენგიზ ცერცვაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა
„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში“ ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე და წამყვანი სპეციალისტები აკაკი აბუთიძე, ლალი შარვაძე და ვახტანგ ქერაშვილი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორს, პეიჯ არმსტრონგს და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა, ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციები.
პეიჯ არმსტრონგმა აღნიშნა საქართველოს, როგორც „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველი სამოდელო ქვეყნის, წარმატებები, მისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების დიდი დაინტერესება პროგრამის შედეგებით, აგრეთვე იმ სამეცნიერო კვლევებით, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს პროგრამის ფარგლებში.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იგეგმება მოსახლეობაში „ცე“ ჰეპატიტის სეროპრევალენტობის მეორე საკონტროლო კვლევის ჩატარება, რომელიც შესაძლებელს გახდის, შეფასდეს „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ზეგავლენა ქვეყანაში „ცე“ ჰეპატიტის გავრცელებაზე.
პეიჯ არმსტრონგმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირაში იგეგმება პროგრამის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იქნება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში გეგმავს კვლევას „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის შესაფასებლად.