თენგიზ ცერცვაძე - არის ალბათობა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი პაციენტი ინფიცირებული იყოს კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი კლინიკური ნიშნები არ არსებობს
თენგიზ ცერცვაძე - არის ალბათობა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ერთ-ერთი პაციენტი ინფიცირებული იყოს კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი კლინიკური ნიშნები არ არსებობს

თბილისისი ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ, გრიპის სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს, რომელმაც ჩინეთის დედაქალაქი 27 იანვარს დატოვა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა აღენიშნება ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე, ტემპერატურა.

„ახლახან, ერთი საათიც არ არის გასული, შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნებით ჩინელი, რომელმაც დატოვა პეკინი 27 იანვარს, ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ ყაზახეთიდან შემოვიდა საქართველოში. იმყოფებოდა გუდაურში, ბაკურიანში და 4 რიცხვში, გუშინ წინ აღენიშნა ტემპერატურის მომატება. როგორც თვითონ და მისი თანხმლები პირი გადმოგვცემს, 38-ზე მეტი. ჰქონდა ხველა, თავის ტკივილები, ზოგადი სისუსტე. მან მიმართა საელჩოს და ონლაინ, ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციებს, რომლებმაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც მედიკამენტი, რომელსაც ჩინურად აქვს წარწერები, ჯერ არ ვიცით, რა არის. მისი მდგომარეობა გაუარესდა 4 რიცხვის შემდეგ, აღარ დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით და შემოვიდა ჩვენთან. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა პრინციპში დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აქვს ჩივილები – ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე. ტემპერტურა ამჟამად 37.5 აქვს, მაგრამ ჰქონდა 38, როგორც თავად ამბობს“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, არის ალბათობა, რომ პაციენტი ინფიცირებული იყოს ახალი ტიპის კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი კლინიკური ნიშნები არ არსებობს.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად კლინიკურად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის პეკინიდან ჩამოსული, ბუნებრივია, არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა, იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი კლინიკური ნიშნები და არგუმენტები არ გვაქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, აგრეთვე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას. იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, რადგან გრიპს ჰგავს ძალიან. გაუკეთებენ სისხლის ანალიზს. ამ საღამოს რვა საათისთვის უკვე გვეცოდინება პასუხები და უფრო დამაჯერებელ პასუხს გაგცემთ. ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი თვითონ კორონავისურის ინფექციაზე. აქამდე ვინც პაციენტები შემოსულან, იმათ არც პლევმონია ჰქონდათ, არც ჩვენთან მოსვლის შემდეგ ტემპერატურის მატება, არც ხველა, არც სხვა რაიმე კლინიკური გამოვლინებები და მათი ერთადერთი რისკის ფაქტორი იყო, რომ ისინი ჩამოსულები იყვნენ ჩინეთიდან. აქ მეტია კლინიკური გამოვლინებები, არის ხველა, ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე, თუმცა ჯერ არ ვიცით რენტგენოგრაფიული კვლევის შედეგები. უშუალოდ კორონავირუსზე პასუხი ხვალ გვეცოდინება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.