თენგიზ ცერცვაძე - არავის დაუდგენია, რომ 15 წუთში ერთხელ წყლის დალევა კორონავირუსისგან თავის დასაცავად საკმარისია
არავის დაუდგენია, რომ 15 წუთში ერთხელ წყლის დალევა კორონავირუსისგან თავის დასაცავად საკმარისია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.
„არავის შეუსწავლია და დაუდგენია, რომ 15 წუთში ერთხელ ჩარეცხვა საკმარისია. რატომ 15 წუთში ერთხელ და არა ხუთში, ან 25-ში?! ვირუსი 15 წუთში მაინც მოასწრებს რეცეპტორებით სასუნთქ გზებში შესვლას“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის, მარი მალაზონიას შეკითხვას უპასუხა, რამდენად დასაბუთებულია მიდგომა, რომ 15 წუთში ერთხელ წყლის დალევის შემთხვევაში ვირუსი სასუნთქი გზების ნაცვლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აღმოჩნდება და კუჭში არსებული მჟავე არე მას გაანეიტრალებს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, ყველას ჰგონია, რომ კორონავირუსი მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადებაა, მაგრამ ეს ასე არ არის.
„ყველას ჰგონია და ყველამ ასე იცის, რომ ეს ვირუსი მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადებაა, მაგრამ არა! კორონავირუსები რეპლიკაციას განიცდის ანუ მრავლდება სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. განსაკუთრებით, ნაწლავებში და ის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ყურადღება არ მახვილდება, მაგრამ სპეციალისტებმა იციან და გვაფრთხილებენ, რომ წვეთოვანი გზის გარდა, არსებობს ფეკალურ-ორალური გადაცემაც, ფეკალიებით დაბინძურებულ საგნებზე ხელის შეხებით. ასე რომ, შესაძლოა, ნაწლავები ამ ვირუსის გამრავლების უფრო მნიშვნელოვანი ადგილიც კია, ვიდრე სასუნთქი სისტემა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.