თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არ შეიძლება ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დეზინფორმირება.
„დღეს, 11 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლისას ბ-ნი გიორგი კამკამიძე მისთვის ჩვეულ სტილში ამტკიცებდა, რომ საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა ხდება ცუდად, რაც კლინიკური ჯგუფის ცუდი მუშაობის შედეგია და რომ COVID-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“ ცუდია და ამოღებულ უნდა იქნეს ხმარებიდან.
ტყუილია, დიდი ტყუილი. ხოლო „რემდესივირის“ ამოღების მოთხოვნა სერიოზული საფრთხის შემცველია, რამეთუ კლინიკების ნაწილი ბ-ნი გიორგისა და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ დღემდე თავს იკავებენ „რემდესივირის“ გამოყენებისგან, რაც სერიოზულად ზრდის COVID პაციენტების დამძიმების რისკებს და აუარესებს გამოსავლებს.
COVID-19-ის კლინიკური მართვა
COVID ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება და მისი თანმდევი გარდაცვალების შემთხვევების ზრდა თავისთავად საგანგაშოა და გადაუდებლად მოითხოვს ადექვატური ზომების მიღებას, მაგრამ ამის მიზეზი სულ სხვა ფაქტორებია და მათ არავითარი კავშირი არა აქვს კლინიკურ მართვასთან და ამით სპეკულირება დაუშვებელია.
სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა ძალიან კარგად ხდება და ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ამ მხრივ აკეთებენ შესაძლებლობის მაქსიმუმს და უფრო მეტსაც, კერძოდ:
საქართველოში სადღეისოდ 46 ათასამდე აქტიური COVID ავადმყოფია. ეს ძალიან ბევრია 4 მილიონიანი ქვეყნისთვის, მით უმეტეს შეზღუდული ეკონომიკური რესურსების მქონე ქვეყნისთვის და ამის მიუხედავად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ახერხებს პაციენტთა ამ უზარმაზარი ნაკადის მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე. ასეთ დატვირთვას სხვა ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებდა. არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება სასწრაფო დახმარებას, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID სასტუმროებს და COVID კლინიკებს, ისე რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. ამის გაკეთება (გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვა) უჭირთ საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი.
გაიხსენეთ, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში არ ყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8-12 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სწორედ ამიტომ არის უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე და სხვ.) გარდაცვლილი ავადმყოფების რიცხვი გაცილებით, შეუდარებლად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზება (რაც უკიდურესი და უმძიმესი გადაწყვეტილებაა) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი სთქვათ.
დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით და არა ცუდი კლინიკური მართვით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ყველაზე წარმატებულად მიჩნეულ ქვეყანა ისრაელში, რომელიც მოსახლეობით ჩვენზე სულ 2-ჯერ მეტია, სულ რაღაც 2-3 თვის წინ ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 100-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა და მხოლოდ ე.წ. „სრული ვაქცინაციის“ შემდეგ მოხერხდა მათი შემცირება. COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის ხარისხის შეფასების მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი მაჩვენებელი არის ყველა დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცლილთა რაოდენობა – ე.წ. CFR (case fatality rate). საქართველოში ბოლო 1 კვირაშიც კი, როცა ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები, ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 1%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ხოლო მთელი პანდემიის პერიოდში აღებული საშუალო მაჩვენებლით საქართველო (1.35%) სჯობნის აშშ-ს (1,74%) და ევროპის 32 ქვეყანას. ასე მაგალითად ჩვენთან რომ სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) ისეთვე იყოს, როგორც მაგ. გერმანიაში (2.42%), მაშინ ჩვენთან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი არა 6230, არამედ 11160 კაცი იქნებოდა (საქართველოში COVID ავადმყოფთა ჯამური რიცხვი 461 198-ია, ხოლო ამ რიცხვის 2.42% – 11160) . ანუ, პრაქტიკულად რაც არის, იმაზე ორჯეტ მეტი.
აი, ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა და სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკური ჯგუფის მიერ პაციენტების სწორი მართვის შედეგია ის, რომ ჯამურად ქვეყანაში 6230 გარდაცვლილი გვყავს და არა 2-ჯერ მეტი.
ახლა რაც შეეხება „რემდესივირს“.
„რემდესივირი“ არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ სადღეისოდ უკეთესი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს. რაღაც დროს უკეთესი პრეპარატი შეიქმნება და „რემდესივირი“ ჩანაცვლდება, მაგრამ ჯერ ეს ვერ ხერხდება.
„რემდესივირი“ სადღეისოდ COVID-19-ის სამკურნალო ერთადერთი ანტივირუსული მედიკამენტია, რომელსაც აქვს მსოფლიოში ორი უმაღლესი ინსტანციის – აშშ FDA-ის და ევროპის მედიცინის ასოციაციის (EMA) ოფიციალური რეკომენდაცია (Approval) https://www.fda.gov/…/fda-approves-first-treatment…; https://www.ema.europa.eu/…/first-covid-19-treatment… , მაშინ, როდესაც სხვა მედიკამენტებს და ვაქცინებს აქვთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების რეკომენდაციები (ე.წ. Emergency use authorisation).
სადღეისოდ „რემდესივირი“ შეტანილია ამერიკის და ევროპის უკლებლივ ყველა გაიდლაინში და წარმატებით გამოიყენება ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა სერიოზულ კლინიკაში, როგორც სტანდარტული (საბაზისო) თერაპიის საშუალება.
მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სამედიცინო ონლაინ პლატფორმა „up to date” , რომელსაც ხელი უდევს მსოფლიო მედიცინის პულსზე და აანალიზებს ყველა სამეცნიერო კვლევის შედეგებს, ბოლო განახლებაში წერს სიტყვა-სიტყვით „თუ ის ხელმისაწვდომია, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ „რემდესივირს“ ყველა ჰოსპიტალიზებული COVID-19-ით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ, ვინაიდან ის ამოკლებს გამოჯანმრთელების დროს, ამასთან ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მის გამოყენებას იმ პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ დამატებით ჟანგბადის მიწოდება დაბალი ნაკადით, რამდენადაც მას შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში“. https://www.uptodate.com/…/covid-19-management-in…
აი ასე. რემდესივირი ამოკლებს ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების გამოჯანმრთელების დროს და შეუძლია შეამციროს სიკვდილობა ამ პაციენტებში. ვის დავუჯეროთ, მსოფლიოს წამყვან ინსტიტუციებს, თუ ბ-ნ კამკამიძეს და მის თანამოაზრეეებს? რომელთაგან არცერთს არ გაუტარებია და არ გადაურჩენია არცერთი ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფი და შესაბამისად, არც რემდესივირის ეფექტი უნახავს.
საქართველოში ჯერ რემდესივირის გამოყენების გამოცდილება დიდი არ არის (სულ 1208 პაციენტი), მაგრამ წინასწარმა შედეგებმა უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი სწორი გამოყენების შემთხვევაში უდავოდ სასარგებლო მედიკამენტია და ძალიან ბევრი ავადმყოფი გადაარჩინა დამძიმებას და მათი ნაწილი – სიკვდილსაც.
აი, ასეთია სიმართლე ქვეყანაში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის ხარისხზე და რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ყველაფერი დანარჩენი კი ტყუილია და ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დეზინფორმაციას ემსახურება, რაც დაუშვებელია“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის გვერდზე „ფეისბუქში“.