თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ დაინფიცირების ბოლო შემთხვევა მეოთხეული გადაცემა არ არის
არ არის ნამდვილი მეოთხეული გადაცემა, როდესაც პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„მე პირადად მიმაჩნია და ვუერთდები ექსპერტთა იმ ჯგუფს, რომლებიც თვლიან, რომ ეს მაინც არ არის ნამდვილი მეოთხეული გადაცემა, როდესაც პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა. ამ პაციენტმა ძალიან დიდი ალბათობთ, მაინც იცოდა და სწორად დაასახელა პიროვნება, ვისგანაც დაინფიცირდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა დღეს უკვე ცნობილი, ვისგან დაავადდა ოცდამეთოთხმეტე პაციენტი, რომელიც გუშინ გამოვლინდა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დადგენილია თუ არა დღეს გამოვლენილი ოთხი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო და ანალიზის აღებამდე იყვნენ თუ არა ეს ადამიანები იზოლაციაში, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მათი ინფიცირების წყარო ცალსახად არის დადგენილი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
„ორი არის იმ ოჯახიდან, საიდანაც უკვე იყვნენ ინფიცირებული პაციენტები და კიდევ ორის კონტაქტები დადგენილია. ამ ოთხიდან არც ერთი არ იყო მოულოდნელი და დიახ, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.