თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე
ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჰოსპიტლები სრულ მზადყოფნაში არიან საჭროების შემთხვევაში.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასაჯაროვდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ჰოსპიტალური სექტორის მზაობის ასამაღლებლად დასახელდა ის ჰოსპიტლები, რომლებიც 100-პროცენტიან მზადყოფნაში უნდა იყვნენ და უკვე არიან ამ პაციენტების მისაღებად. მთლიანად ეს კლინიკები, რომლებიც დასახელდა, დაცლილია უკვე სხვა პაციენტებისაგან. ეს კლინიკებია რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ინფექციური, ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი, ასევე არის ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. ამ კლინიკებში სულ 420 ადგილია, რომლბიც მუდმივ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად, თუ ასეთები გაჩნდება. ჯერჯერობით არის მხოლოდ 33 პაციენტი და 420 საწოლი მზადყოფნაში, ეს საკმარისზე მეტია. მაგრამ ეს მაინც პასუხია იმ კითხვებზე, რამდენად მზადყოფნაშია ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. შემიძლია გითხრათ, რომ ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე, ყველაზე უკეთესი ჰოსპიტლები, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე თავისი შტატით, გამოცდილებით, ყველა მათგანი დატრენინგებულია, ეკიპირებულია, მედიკამენტებით მომზადებულია და მზად ვართ მთლიანად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შექმნილია კლინიკური მართვის ჯგუფი.
„შექმნილია კლინიკური მართვის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობა დამევალა მე და ეს კლინიკური მართვის ჯგუფი უზრუნველყოფს ყველა პაციენტის ერთიანი სისტემით მართვას, ანუ ერთნაირი სქემით ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.