ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ 19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გასცდა საპროგნოზო რიცხვებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ამერიკის და ევროპის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების რაოდენობის ისტორიული მაქსიმუმი. იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონს“ შედარებით ნაკლები მძიმე მიმდინარეობა და სიკვდილობა ახასიათებს, ვიდრე დელტა შტამს, ინფიცირებულთა საერთო რიცხვის ძალიან სწრაფი მატების გამო, მთელ რიგ ქვეყნებში სიკვდილობის შემთხვევების ზრდა აღინიშნება. მაგალითად, უძლიერეს, სრულად ვაქცინირებულ და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყანაში, აშშ-ში ყოველდღე ფიქსირდება 3 000 და მეტი გარდაცვალების შემთხვევა. ასე რომ, ეს ტენდენცია არის მთელ მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ჩვენ ამას დავუპირისპირეთ მაქსიმალურად ეფექტიანი მართვა, რასაც ჯერ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებით ახორციელებს. რაც შეეხება რეგულაციებს, რამდენადაც ვიცი, ის რეგულაციები დარჩა, რაც იყო და რამე არ გაუქმებულა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორია რეგულაციების სრულად გაუქმება ვირუსის ასეთი უკონტროლო გავრცელების ფონზე.
მისი თქმით, არსებული რეგულაციები აბსოლუტურად საკმარისია და მათი გამკაცრება საჭირო არ არის, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს აღსრულების მექანიზმი.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, მაშინ, როდესაც მწვანე პასპორტები უნდა ყოფილიყო ბიძგი, რათა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ ნაბიჯი გადაედგათ, რამდენად მართებული იყო მისი გაუქმება, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილი წყენას გამოთქვამდა, რომ მთავრობა მწვანე პასპორტების ამოქმედებით განაწყენებული ადამიანების გავლენების ქვეშ მოექცა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ კომპეტენტურ ექსპერტთა ჯგუფმა გააანალიზა, თუ რა შედეგები მოგვცა იმ შედარებით მოკლე პერიოდში მწვანე პასპორტებმა და ალბათ, მათ ნახეს, რომ მწვანე პასპორტებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო.
„ყოველ შემთხვევაში, იმის საპირწონე შედეგი ვერ დადო, რა დისკომფორტსაც ის მოსახლეობის ნაწილს უქმნიდა და მწვანე პასპორტები ამიტომ გააუქმეს. მოსახლეობის კანონმორჩილ ნაწილს, რომელსაც მწვანე პასპორტი ჰქონდა, გულწრფელად ვურჩევდი, ნუ იქნება გულდაწყვეტილი. მათ ის მწვანე პასპორტი ვინმესთვის და ვინმეს ხათრით კი არ ჰქონიათ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ჰქონდათ. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ამ პასპორტს სადმე რესტორანში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოსთხოვენ, თუ არ მოსთხოვენ. თუ ადამიანს მწვანე პასპორტი აქვს, ესე იგი, მან შეასრულა სავალდებულო რეკომენდაციები და ის დაცულია კორონავირუსისგან, ავად გახდომისგან და სულ ცოტა, დაცულია დამძიმებისგან და გარდაცვალებისგან. ასე რომ, მათ არაფერი აქვთ გულდასაწყვეტი. გარდა ამისა, მწვანე პასპორტები ისევ მუშაობს უცხოეთში წასვლისას, მთელ რიგ ქვეყნებში და ვინც მოგზაურობს, მათ ის გამოადგებათ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოში არც ერთი პაციენტი არ რჩება საჭირო სამედიცინო მომსახურების გარეშე.
„განსაკუთრებით გამართულად მუშაობს ჰოსპიტალური სექტორი. მობილიზებულია 8 000-ზე მეტი საწოლი და დაკავებულია მხოლოდ 5 700. ყველა პაციენტს, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დახმარება ეწევა სტაციონარში, ანუ, ხდება მისი ჰოსპიტალიზაცია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სიკვდილობის შემთხვევები გაორმაგდა და გაოთხმაგდა, ჩვენთან, შვიდჯერ გაზრდილი ახალი შემთხვევების ფონზე, მოვახერხეთ და სიკვდილობა განახევრდა. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური სექტორი ამ გამოწვევას ელოდა და მას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, „კოვიდ 19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა მედიკამენტი, რომელიც დელტა შტამის შემთხვევაში გამოიყენება, თუ მეტი არა, ასეთივე ეფექტურობით გამოიყენება „ომიკრონის“ შემთხვევაშიც.
„გამონაკლისი არის მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ძვირადღირებული და შეიძლება, ყველაზე უკეთესი ანტივირუსული მედიკამენტი დღეს. ის ტექნოლოგიურად, სპეციალურად იყო მიღებული დელტა შტამისთვის და სხვა შტამების წინააღმდეგ. ეს მონოპოლური ანტისხეულები უკავშირდებოდნენ და ანეიტრალებდნენ ვირუსის ე.წ სპაიდცილას, ხოლო „ომიკრონში სწორედ სპაიდცილამ განიცადა 30-ზე მეტი მუტაცია და ამიტომ, მონოკლონური ანტისხეულები „ომიკრონის“ დროს ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე დელტას დროს, დელტას შემთხვევაში კი ძველებურად ეფექტური რჩება. „ომიკრონის“ დროს ყველა დანარჩენი მედიკამენტი ზუსტად ისეთივე ეფექტურია, თუ უფრო მეტად არა, როგორც დელტა შტამის დროს იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როდის შეიძლება, ველოდოთ პიკური პერიოდის დაღმასვლას, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფიცირების მატება შეიძლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
„მაქსიმალური რიცხვი შეიძლება, დაფიქსირდეს დღიურად 30 000-35 000 და ამის შემდეგ იმედი მაქვს, დაიწყება დაღმავალი ტალღა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.