თენგიზ ცერცვაძე - ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, რაც უნდა არწმუნო, როცა ხედავს, რომ საფრთხე არ ჩანს, დუნდება, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევები შესაძლოა, გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც იყოს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკაა, თუმცა საქართველოში ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი არ არის ასეულობით, როგორც სხვა ქვეყნებში.
მისივე თქმით, საქართველომ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე სასწაულს მიაღწია.
ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ზრდა, გასაკვირი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა.
„მთელ მსოფლიოში მზარდი სტატისტიკაა, ოღონდ ეს მზარდი სტატისტიკა ჩვენთან იზომება ერთეულებით ან ყველაზე მეტი, ათეულობით. ერთადერთი იყო გუშინდელი დღე, როცა 24 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში 20-ზე ან 10-ზე ქვემოთ არის. მთელ მსოფლიოში იზრდება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა, ოღონდ იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათეულ ათასეულობით. აშშ ყოველ დღე ამყარებს რეკორდს – 60 000, 63 000, 67 000, სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 500-600 შემთხვევა, რუსეთში 7-8 000 შემთხვევა, თურქეთში 1500 შემთხვევა. ამ ფონზე, საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების ალბათ ძალიან გამორჩეული და კარგი საქმიანობით. ახლა მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არც ერთი შემთხვევა არ იყოს. 1, 2, 5, 10 და 20 შემთხვევა სულ იქნება, ელემენტარულად, სატვირთო ავტომობილის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რამდენიმე ათეული სატვირთო შემოდის დღეში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამასთან, ცერცვაძის შეფასებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მოსახლეობის მიერ ყურადღების მოდუნებაც იყოს.
„ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ რაც უნდა არწმუნო, შეახსენო, როდესაც ხედავს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, ნორმალური ცხოვრება, ძალიან ჩქარა დაუბრუნდნენ ამას, ადიან კურორტებზე, ისვენებენ სასტუმროებში, დაუბრუნდნენ საქმიანობას, შეიძლება, 100 პროცენტით არა, მაგრამ თითქმის 100 პროცენტით და არც ერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია, მოდუნდა. შესაძლოა, ეს ცალკეული შემთხვევები მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც იყოს, რომ კოვიდი არსად წასულა, მსოფლიოში რჩება და რჩება გაძლიერებული ფორმით, მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.