თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ უცხოეთში ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში კვალს ტოვებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, უცხოეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი კვალს ტოვებს.
„უცხოეთში არის კვლევები, რომ ის კვალს ტოვებს. პირველ რიგში ფილტვებში, შეიძლება, გულში, სისხლძარღვებში, თავის ტვინში. არის ასეთი კვლევები. არცთუ მხოლოდ მძიმეს, შეიძლება, შედარებით მსუბუქს დაუტოვოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება საქართველოშიც იგეგმება.
„საქართველოში იგეგმება კვლევა, შედგენილი გვაქვს პროგრამის პროექტი. განიხილავს ამას ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა. ამას სჭირდება დამატებითი დაფინანსება, კერძოდ, ყველა სამ თვეში მოვიწვიოთ გამოჯანმრთელებულები და ჩავუტაროთ საკონტროლო გამოკვლევები.
კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ საბედნიეროდ, კოვიდით გამოჯანმრთელებულებს ჩვენთვის გართულებებით და ნარჩენი მოვლენებით არ მუმართავთ, მაგრამ კვლევამ უნდა დაადგინოს, საქართველოს გაუმართლა? ბედნიერი გამონაკლისია, რომ კოვიდით გამოჯანმრთელების შემდგომი დაზიანებები არ რჩება, თუ რჩება, მაგრამ უბრალოდ ისინი რჩება ყურადღების მიღმა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.